ჯანდაცვა
წითელა ერთ-ერთი ყველაზე რთული დაავადებაა
“წი­თე­ლა“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახ­დეს, ასე­ვე ენ­ცე­ფა­ლი­ტი, გუ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა არის თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფორ­მა, რო­მე­ლიც „წი­თე­ლას“ ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ იჩენს თავს. სამ­წუ­ხა­როდ, როცა ეს გარ­თუ­ლე­ბა ვი­თარ­დე­ბა, ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობს.

„წი­თე­ლა“ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც რისკს წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი. ვაქ­ცი­ნის ორი დოზა კეთ­დე­ბა, პირ­ვე­ლი, 1 წლის ასაკ­ში და მე­ო­რე- 5 წლის ასაკ­ში. 

წითელა, წითურა, ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული დაავადებებია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი მექანიზმით გადაეცემა (ავადმყოფი ლაპარაკის, ხველისა თუ ცხვირის დაცემინებისას უმცირეს წვეთებს გარემოში გამოყოფს, იქ არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად მეორე ადამიანის ორგანიზში ხვდება).

ამ ინფექციებს განსაკუთრებით მაღალი კონტაგიოზურობა ანუ სხვა ადამიანების დასნებოვნების უნარი ახასიათებს. განსაკუთრებით სწრაფად დახურულ შენობაში ვრცელდება. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტრანსპორტში. ადამიანის გარეშე ვირუსი სწრაფად იღუპება, ამიტომ მესამე პირით ინფექციის გადატანა იშვიათია.

დროის შუალედს, რომელიც ვირუსთან შეხვედრიდან და დაავადების გამოვლენამდე გადის ექიმები ინკუბაციურ პერიოდს ვუწოდებთ. ეს პერიოდი ყველა ინფექციას სხვადასხვა აქვს. წითელას დროს საშუალოდ 9-10 დღეა, იშვიათად შეიძლება 21 დღემდეც გაგრძელდეს. მაგალითად, ბავშვებს, რომლებმაც ინკუბაციურ პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით იმუნოგლობულინი (სპეციფიკური ანტისხეულები) მიიღეს ან სისხლი თუ პლაზმა გადაესხათ, ეს დრო შესაძლოა 21 დღემდეც გაუხანგრძლივდეთ.

გამონაყარი სამივე ინფექციის სავიზიტო ბარათია. წითელასა და წითურას მოწითალო ფერის მაკულურ-პაპულური (ლაქოვან-კვანძოვანი) გამონაყარი ახასიათებს, თუმცა თითოეულ ინფექციას თავისი დამახასიათებელი თავისებურებებიც აქვს. წითელას დროს უმეტესად კანიდან ოდნავ ამოწეული კვანძები გვხდება, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის ტენდენციას ავლენს. წითურას გამონაყარი უფრო ლაქოვანია.

წითელას დროს გამონაყარი დაავადების მე-4-5 დღეს ვლინდება. პირველი ელემენტები ყურებს უკან, ცხვირზე, ლოყებზე ჩნდება. 24 საათში ვრცელდება მთელ სახეზე, კისერზე, გულმკერდის ზემო ნაწილზე, ხელებზე. შემდეგ გამონაყარი ჩნდება ზურგზე, მუცელსა და ფეხებზე, მესამე დღეს კი – ტერფებზეც. გამონაყარი იმავე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და ქრება, რომლითაც გაჩნდა.

წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, კონიუნქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით), მშრალი შემაწუხებელი ხველით, ცხვირცემინებით, სურდოთი, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით. კანზე გამონაყარის გაჩენამდე ერთი-ორი დღით ადრე რბილსა და მაგარ სასაზე უსწორმასწორო წითელი ლაქები შეიმჩნევა. ეს წითელას სადიაგნოზო ნიშანიც კი გახლავთ. გარდა ამისა, ძირითადი კბილების დონეზე ღრძილებისა და ლოყის შიგნითა ზედაპირის ლორწოვანზე მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნები ჩნდება, ქუთუთოს კიდის გასწვრივ კი შემოფარგლული კონიუქტივიტი ყალიბდება.

ინფექცია შედარებით მძიმედ მიმდინარეობს:

. ახალშობილებსა და წლამდე ასაკის ბავშვებში;
. ორსულებში;
. იმუნიტეტდაქვეითებულ პირებში.


ეს ინფექციები საშიშია ნაყოფისთვისაც, მით უფრო – თუ ინფიცირება ფეხმძიმობის დასაწყისში (პირველი 20 კვირის განმავლობაში) მოხდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში გახლავთ წითურა. თანდაყოლილ წითურას ახასიათებს ტრიადა: კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა), სიყრუე და გულის მანკი.

ამ სამი ინფექციიდან ორის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული. სახელმწიფო უმაღლესი ხარისხის ვაქცინებით ბვშვთა უსაფრთხო იმუნიზაციას უზრუნველყოფს.

წითელასა და წითურას პროფილაქტიკა ცოცხალი შესუსტებული ვაქცინით ხდება. ამჟამად გამოიყენება ე.წ. MMR-II და პრიორიქსი, რომლებიც ამ ორი ინფექციის გარდა ბავშვს ყბაყურისგანაც იცავს. ეროვნული კალენდრის თანახმად, ამ აცრას 1, 5 და 13 წლის ასაკში ატარებენ. თუ რაიმე მიზეზით აცრა გამოტოვეთ, შეცდომის გამოსწორება ნებიმიერ ასაკში შეიძლება. 
| Print |