ბორჯომში ქალის გარდაცვალებას, ოჯახი საკეისრო კვეთას უკავშირებს
      33 წლის ნინო თეთვაძის გარდაცვალებაში ოჯახი ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მეან–გინეკოლოგს, ირინა საბაშვილს ადანაშაულებს. 

      33 წლის ნინო თეთვაძის გარდაცვალებაში ოჯახი ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მეან–გინეკოლოგს, ირინა საბაშვილს ადანაშაულებს. 

გარდაცვლილის ნათესავები ირწმუნებიან, რომ არასწორად ჩატარებული საკეისრო კვეთის გამო, ჭობისხეველი ახალგაზრდა ქალი, 27 ივნისს გარდაიცვალა. მას ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

პაციენტს საკეისრო კვეთა ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, გარდაცვალებიდან 40 დღით ადრე ჩაუტარდა. ოჯახის წევრების თქმით, კლინიკიდან გამოწერისას, ნინო თეთვაძეს მუცლის ძლიერი ტკივილი და მაღალი სიცხე ჰქონდა. აღნიშნული სიმპტომებით, პაციენტმა კლინიკას ორჯერ მიმართა, თუმცა ექიმებმა დაამშვიდეს და ორჯერვე სახლში დააბრუნეს. ოჯახის წევრები და ნათესავები ექსპერტიზის პასუხს ელიან, რომლის შემდეგაც ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებენ.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში ადასტურებენ, რომ მეან–გინელოკოგ ირინა საბაშვილს, რამდენიმე წლის წინ, საექიმო  საქმიანობის სახელმწიფო სერთიფიკატი შეჩერებული ჰქონდა. ნინო თეთვაძის გარდაცვალების საქმის შესასწავლად, მათთვის ამ დრომდე, არავის მიუმართავს. სამედიცინო დახმარების ხარისხში, რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონი საექიმო საქმიანობის 1–დან 6 თვემდე შეწყვეტას ითვალისწინებს.

ირინა საბაშვილის შვილმა, გინეკოლოგმა ელენე საბაშვილი ,,მე–9 არხთან“ განაცხადა, რომ აღნიშნულ ბრალდებებზე არც მას და არც მის დედას საუბარი არ სურდათ. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ბრალდებებზე პასუხების მიღება ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის წარმომადგენლებისგან ვცადეთ, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულზე განცხადებას ორშაბათს გააკეთებენ. საკითხზე კომენტარი არც ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა, ირაკლი დიასამიძემ გააკეთა, თუმცა პირად საუბარში დაგვიდასტურა, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან პოლიციამ პაციენტის ისტორია და საჭირო დოკუმენტაციები შესასწავლად წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს–ში არ გამორიცხავენ, რომ ექსპერტიზის პასუხებისა და გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს და ძიება სხვა მუხლით გაგრძელდეს. საქმეს ბორჯომის რაიონული პოლიციის სამმართველო იძიებს.


| Print |