კულტურა
,,წელს მზარდია ტურისტთა რაოდენობა, მაგრამ ინფრასტრუქტურა დაზიანებულია" - გელა ნოზაძე
ახალციხის ციხის შემოსავლებმა 2018 წელს 883 212 ლარი შეადგინა, წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი კი 758 000 ლარია.

ახალციხის ციხის შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მასთან ერთად ხარჯიც მზარდია. შარშანდელის მსგავსად 100 ათასი ლარი ბიუჯეტიდან ციხის დასაფინანსებლად ისევ გამოიყო, ამჯერად თანხა რაბათში არსებული დაზიანებების შეკეთებას უნდა მოხმარდეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ 100 000 ლარის სუბსიდია მხოლოდ ზამთარში კომუნალურებისა და ხელფასების ანაზღაურებისთვის უნდა გამოიყენოს.

,,ეს თანხა სამ თვეზე გვაქვს გათვლილი და არა მთლიან წელზე. ვიზიტორები არ არიან, სულ ერთი და იგივე კატეგორია დადის. მართალია წელს მზარდია ტურისტთა რაოდენობა, მაგრამ ინფრასტრუქტურა დაზიანებული და მოძველებულია“ - ამბობს გელა ნოზაძე. მიუხედავად ამისა, იმედოვნებს, რომ სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის სუბსიდირება აღარ მოხდება.

ახალციხის ციხეზე, რომ ადგილები დაზიანებულია ამის შესახებ ციხის სამეურნეო სამსახურის უფროსი საუბრობს. გელა ბლუაშვილის თქმით, სახურავი, საიდანაც საკონფერენციო დარბაზში წყალი ჩადიოდა შეკეთდა, ხოლო ხიდზე არსებული ხის მოაჯირები რკინის ჯებირებით ციხის ბიუჯეტით უკვე გამაგრდა. რაც შეეხება შენობების დაზიანებული გარე ფასადისა და გზის ნაწილის შეკეთებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ციხის ადმინისტრაცია მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ნაწილით აპირებს.

,,იზოლაციის წესები დაცული არ არის და წყალს ამიტომ აპარებს. ყოველ წელს ვაკეთებთ, თუმცა მარტო 6 - 7 თვე ძლებს და შემდეგ ისევ თავიდან გვიწევს შეკეთება. ძირითადად გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით ვასრულებთ ამ სამუშაოებს“ - ამბობს გელა ბლუაშვილი.



ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებს გელა დემეტრაძე , რომელსაც ახალციხის გამგებლის პოზიცია 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის დეკემბრამდე ეკავა. დღეს უკვე ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ახალციხეში ციხის მთავარ პრობლემად გაზრდილ შტატებსა და შემოსავლების არამიზნობრივ ხარჯვას მიიჩნევს. ,,2012 წლის შემდეგ ტურისტების მოსაზიდად ახალი არაფერი გაკეთებულა. მეორედ მოსულ ტურისტს ადგილზე მოუვლელი და გაურესებული სიტუაცია ხვდება“.

ახალციხის ციხის განვითარების პროცესს უარყოფითად აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ახალციხეში. ,,ახალციხის ციხეს პოპულარიზაციას არავინ უკეთებს, ეს ყველაფერი ფასადურია“ - აღნიშნავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წამომადგენელი და ამატებს, რომ ,,რაბათი ქალაქს ინახავს, მოსახლეობის დაცინვაა, როდესაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარის სუბსიდირება ხდება“ - მისი თქმით, რაბათში ჩატარებული კონცერტებიდან, ფესტივალებიდან და სხვა კომერციული მიმართულებებიდან შესული თანხების ნაწილი არა ადგილობრივ ხელისუფლებას, არამედ თავად ციხის ადმინისტრაციას უნდა ერიცხებოდეს.

ახალციხის ციხის შემოსავალი ბოლო სამი წლის განმავლობაში ასე გამოიყურება:
2016 წელს - 686 157ლარი
2017 წელს - 809 363 ლარი
2018 წელს - 883 212 ლარი
2019 წელს დაგეგმილი ბიუჯეტი - 758 000 ლარს შეადგენს.
| Print |