კულტურა
ლოცვა მხოლოდ ზაფხულში
სიმონ ლევიშვილი ლოცვებს ყოველდღე, მშობლიურ ენაზე – ივრითზე კითხულობს. ებრაელთა წესის მიხედვით, სრულყოფილი ლოცვის ჩასატარებლად, ათი მამაკაცია საჭირო.

2004 წლიდან კი, საქართველოში ყველაზე ძველ, ახალციხის სინაგოგაში, 10 კაცი ვეღარ იკრიბება. დღეისათვის ახალციხეში მხოლოდ ორი ოჯახი შემორჩა, რის გამოც, რაბათში, 1863 წელს აშენებულ სინაგოგაში ლოცვა იშვიათად ტარდება - მხოლოდ მაშინ, როდესაც სინაგოგას ებრაელი ტურისტები სტუმრობენ.

„სანამ ათი ადამიანი არ შეიკრიბება სინაგოგაში, იქამდე ლოცვის რიტუალი არ ტარდება. ძირითადად ზაფხულობით ტარდება ხოლმე ლოცვა, როცა ტურისტები ჩამოდიან“,- ამბობს ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი.



ახალციხეში, სინაგოგას და ებრაულ სასაფლაოს, სადაც დაახლოებით 5 ათასამდე ებრაელის სამუდამო სამყოფელია, სიმონ ლევიშვილი უვლის. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისტორიულ სამშობლოს არ უბრუნდება. ახალციხეში დარჩენილი ხუთი ებრაელიდან ორი მამაკაცი და სამი ქალია. ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე გვიყვება, რომ 1972 წლამდე, ვიდრე ალია (ებრაელთა გასვლა სამშობლოში) დაიწყებოდა, ახალციხეში 3 000 ოჯახი ცხოვრობდა.

მეოცე საუკუნის ახალციხეში ორი სინაგოგა ფუნქციონირებდა. 1863 წელს აგებული სინაგოგას სამი წლის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა და წელს უძველესი სინაგოგის აშენებიდან 278, ხოლო განახლებიდან 156 წელი გავიდა.
მეორე სინაგოგა, რომელიც 1902 წელს ააგეს, დანგრევის პირას არის. შენობას არ აქვს სახურავი, ფანჯრები და იატაკი. ,,ჯერ კომუნისტური რეჟიმის გამო ჩამორთმეული გვქონდა ორივე სინაგოგა, მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა, ებრაელებს სალოცავად მხოლოდ ერთი სინაგოგა დაუბრუნა. ეს სინაგოგა ახლა უმოქმედოა, თუმცა წარსულში აქ კინოჩვენებები იმართებოდა, წლების წინ ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, საბილიარდო და კრივის დარბაზი ფუნქციონირებდა. მას უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა მისი რეაბილიტაცია არ იგეგმება“ – აცხადებს ქართველი ებრაელი სიმონ ლევიშვილი.


ებრაელები საქართველოში 26 საუკუნის წინ, სამცხე–ჯავახეთიდან შემოვიდნენ. თუმცა პირველ ცნობებს, ახალციხეში მათი ცხოვრების შესახებ, 400 წლის წინანდელი ებრაელთა სასაფლაო იძლევა. ყველაზე ძველი სასაფლაო 1756 წლით თარიღდება. ტურისტებიდან სინაგოგაში შესული შეწირულობა სამ ნაწილად იყოფა. კომუნალურებისთვის, სასაფლაოს დარაჯისა და სინაგოგას დამლაგებლისთვის.

სიმონ ლევიშვილის ინფორმაციით, საქართველოში 3 ათასამდე ებრაელია დარჩენილი, რომელთა ძირითადი ნაწილი თბილისში ცხოვრობს. ებარელთა ტრადიციას კარგად იცნობს მანია შანთაძე, რომელიც რაბათში დაიბადა და გაიზარდა. 65 წლის ქალი სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების ერთად ცხოვრების კულტურაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბავშვობაში ნასწავლი ებრაული ლოცვები და სიმღერები ახლაც ახსოვს. მანია შანთაძეს გული წყდება, რომ უყურადღებოდ დატოვებული სინაგოგა ტურისტების ყურადღებას იქცევს.

ეთნიკური და რელიგიური სიჭრელით გამორჩეულ რაბათში ამ დროისათვის ერთმანეთის გვერდით სომეხი, ებრაელი, თურქი, ქართველი და ბერძენი ეროვნების მოსახლეობა მრავალი საუკუნეა მშვიდობიანად ცხოვრობს. თუმცა რაბათს ტოლერანტობის სიმბოლო მხოლოდ 2009 წელს მიენიჭა.

,,რაბათი ერთადერთი უბანია, სადაც კათოლიკებს, ებრაელებს, სომხებს, მართლმადიდებლებსა და მაჰმადიანებს საკუთარი სალოცავები აქვთ“ - ამბობს რაბათში მცხოვრები ანზორ მელიქიძე. იგი ტოლერანტობის უბანში საცხოვრებლად, 1974 წელს, ასპინძიდან გადმოვიდა. ებრაელების ტრადიციასა და წეს-ჩვეულებებს იხსენებს და ამბობს, რომ მიმოწერა ახალციხიდან წასულ ებრაელებთან დღემდე აქვს.


ახალციხეს ტოლერანტობის სიმბოლო, თავის დროზე მხოლოდ იმის გამო უწოდეს, რომ აქ მაცხოვრებელთა მნიშვნელოვან ნაწილს ეროვნული და რელიგიური უმცირესობა წარმოადგენდა. ქართველებისა და კომპაქტურად ჩასახლებული სომხების გარდა, სამხრეთ საქართველოში უკრაინელები, პოლონელები, ბერძნები და ებრაელები მრავლად ცხოვრობდნენ. მათი რიცხვი სამცხე–ჯავახეთში თანდათან მცირდება.
| Print |