კულტურა
მესხური ტიპის ოდების მდგომარეობა ვალეში სააგენტომ შეისწავლა
მესხური ტიპის დარბაზების მდგომარეობა ვალეში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა შეაფასა. დადგინდა, რომ ძეგლი, რომელიც ჩიტაშვილებს ეკუთვნის, განზრახ დაზიანებული არ არის. „ზამთარში თოვლმა ერდოს ნაწილი დააზიანა და ჭერი ჩაინგრა“, - გვეუბნება სააგენტოს უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსმა.

ლევან ჭავჭავაძე მესხური დარბაზის ამჟამინდელ მეპატრონეს, ათანა ჩიტაშვილის შვილიშვილს შეხვდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენის შესაძლო ვარიანტები განიხილა.

,,იმდენად უინტერესო მესაკუთრე იყო, ვერ დავაინტერესეთ ვერაფრით. მუზეუმს გააკეთებ-თქო, ესეც შევთავაზეთ, არადა ვალდებულია ძეგლზე იზრუნოს. ჩვენ შეგვიძლია დავაჯარიმოთ, თუმცა მას სახლ-კარს გაუყიდიან, რათა ძეგლი ასე აღადგინონ“, - ამბობს სააგენტოს უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსი.

ვალის დარბაზის მესაკუთრემ სააგენტოს წარმომადგენლებს უთხრა, რომ დარბაზის მოვლის ფინანსური რესურსი ოჯახს არ გააჩნია. ჩიტაშვილმა მზაობა გამოთქვა, ნაგებობის გადარჩენის მიზნით, დარბაზი სააგენტოს საკუთრებაში გადასცეს.



სპეციალისტის აზრით, მესხური დარბაზის ჩანგრეული ჭერისა და ნაწილობრივ ჩამოშლილი კედლების აღდგენა შესაძლებელია. თუკი ამის გაკეთებას მეპატრონე ვერ შეძლებს, მაშინ თანხის გამოყოფა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მოუწევს.

,,ვფიქრობ, რომ აღსაღდგენია. შესაძლოა, ჩვენი სააგენტოდან გამოვყოთ თანხა, თუ წლევანდელი ბიუჯეტიდან არა, მომავალ წელს მაინც გამაგრდება ან გაკეთდება“, - განაცხადა ლევან ჭავჭავაძემ.

ვალეში არსებული მეორე ოდა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლის აზრით, საგანგაშო მდგომარეობაში არ არის. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი რეზო ანდღულაძე კი ამბობს, რომ ხის მასალა, რომლითაც ნაგებობაა შეკრული, ლპება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მესხური დარბაზი მანველიშვილების საკუთრებად ირიცხება, თუმცა მეპატრონესთან შეხვედრა სააგენტოს წარმომადგენელმა ვერ შეძლო.



სახელმწიფო უწყებამ მესხეთში არსებული დაცული ძეგლების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო, რათა ყოველ მათგანს მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გაუფორმოს. ლევან ჭავჭავაძე აღნიშნავს, რომ ძეგლების მესაკუთრეთა უმრავლესობა ღარიბია და საკუთარი სახსრებით ნაგებობის მოვლა-პატრონობას ან აღდგენას ვერ შეძლებს.

,,კანონის მიხედვით, ძეგლს რებილიტაცია სააგენტომ უნდა ჩაუტაროს და მესაკუთრე დაავალდებულოს გადაიხადოს, თუმცა ეს კატასტროფულად დიდ თანხებთანაა დაკავშირფებული. არ გვინდა, რომ მესაკუთრე დავღუპოთ, რადგან ადამიანს ძეგლთან შედარებით, უფრო მეტი ღირებულება აქვს“, - ამბობს ლევან ჭავჭავაძე.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ინვენტარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ახორციელებს. როდის დადგება ვალის რიგი და რა ბედი ეწევა განადგურების პირას მყოფ მესხური ტიპის ოდებს, ჯერ უცნობია.
tv9news.ge-მ ვალეში არსებული მესხური ტიპის ოთხსაუკუნოვანი ოდების მდგომარეობის შესახებ ვრცელი მასალა მოამზადა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ჩამონგრეული ძეგლების ამბავი სწორედ ჩვენგან შეიტყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი რეზო ანდღულაძე ამბობს, რომ ძეგლის მდგომარეობის შესახებ სააგენტოს ზამთარში აცნობა, თუმცა რეაგირება მხოლოდ ჩვენი მედიასაშალების მიერ საკითხით დაინტერესებას მოჰყვა.
| Print |