კულტურა
საქართველოს მუზეუმებში 18 მაისს აქცია „ღამე მუზეუმში“ გაიმართება
მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ყველა მუზეუმში აქცია - „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება. დამთვალიერებლებს მუზეუმები ღამის 1 საათამდე, უფასოდ უმასპინძლებენ.

აქციაში მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთის სამი - ივ.ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, სოფელ მუსხის სკოლა-მუზეუმი და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მიიღებს.

რაბათში, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის დათვალიერება 21:00-დან 01:00-მდე იქნება შესაძლებელი. პარალელურად გაიმართება სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა - „მე და ფიროსმანი“.

სოფელ მუსხის სკოლა-მუზეუმში 18.00-23.00 ღია კარის დღე გაიმართება. ვიზიტორებისთვის ძაფის ჩეჩვაში, დართვასა და შეღებვაში, მასტერკლასი მოეწყობა.

საღამოს რვიდან ღამის პირველ საათამდე, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ისტორიის დოქტორ, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ, ბორჯომელ თამაზ გოგოლაძესთან შეხვედრა გაიმართება. მეცნიერი დამსწრე საზოგადოებას, ბორჯომის რაიონში არსებულ უძველეს წარწერებს და მათ მნიშვნელობებს გააცნობს.

ვარძიის ისტორიულ-არქიტექრურულ მუზეუმ-ნაკრძალი 18 მაისს მასშტაბური გამოფენებითა და სანახაობებით აღნიშნავს. აქციის ფარგლებში ვარძიის განათებული კომპლექსი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინლებს.

მუზეუმ-ნაკრძალის ახლადამოქმედებულ ვიზიტორთა ცენტრში ფუნქციონირებას დაიწყებს ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურის ატრაქცია. VR საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსის სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ. წარმოსახვითი ტურის მულტიმედიური აპარატურა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც იქნება ადაპტირებული.

ღონისძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრებიან. ისინი საზოგადოებას „ვარძიის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს გააცნობენ.

18:00 საათიდან მუზეუმ ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმობა.
„ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების პროგრამას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობრივი წარმოდგენა დაასრულებს.

საერთაშორისო აქციას „ღამე მუზეუმში“ ევროსაბჭოს მიერ, 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი. საქართველოში ტრადიციულ ღონისძიებად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დამკვიდრდა.
| Print |