კულტურა
რაბათში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა
ქალაქ ახალციხეში, რაბათის უბანში მე-19 საუკუნეში აგებული ეკლესიის კედლები დაბზარულია, ჭერი ჩამოწოლილი, იატაკი კი აყრილია. სამრეკლოს სახურავი წლების წინ ჩამოიშალა, ეკლესიის ეზოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობა თანდათან იზრდება.

ანა ზადიკიანის ოჯახი ავარიული ნაგებობის მეზობლად 41 წელია ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან დაახლოებით, 20 მეტრში მდებარეობს და ზადიკიანებისთვის ყოველდღიურ საფრთხეს წარმოადგენს. ანა ამბობს, რომ 10 წლის შვილს ეზოში სათამაშოდ ვერ უშვებს. დედას ეშინია, რომ ტაძრის კედელი ჩამოინგრევა და ბავშვი საფრთხეში აღმოჩნდება.

„ერთი კვირის წინ სახურავიდან ჯვრის ფორმის ქვა ჩამოვარდა, ძალიან შეგვეშინდა. შიგნით შესვლასა და სანთლის დანთებაზე ლაპარაკი ზედმეტია. უბანში ბევრი ტურისტი მოდის და სანთელს ეკლესიასთან, ქვაზე ანთებენ“, - გვიყვება ანა ზადიკიანი.

ზადიკიანების ოჯახს, საცხოვრებელი სახლის გარდა, ტაძართან მიწის ნაკვეთი აქვს, რომელსაც ამავე მიზეზით ვერ ამუშვებენ. 

„კედლები დაბზარულია, ცოტაც და ჩამოინგრევა. რატომ დავთესო? კედლები გადმოწვება და ნათესებს სულ გამიფუჭებს“.


ადგილობრივების თქმით, ტაძრის სახურავს წლებია წვიმა და თოვლი აზიანებს. ყველასგან უყურადღებოდ მიტოვებული სალოცავის ეზოში, მოსახლეობამ ნაგავსაყრელი მოაწყო.

„მეზობლებთან სულ ჩხუბი მაქვს, ზედა უბნიდან ნაგავი „მეშოკებით“ მოაქვთ. ეკლესიის ეზოში ცელოფნებს და ბოთლებს ყრიან“, - წუხს ანა ზადიკიანი.

„ჩვენი სათხოვარია ეკლესია გააკეთონ, რომ დაინგრეს მეზობლის სახლსაც დააზიანებს“,
- ამბობს ართენიკ ბაბოიანი.

წლების წინ, ეკლესიის შეკეთება საკუთარი სახსრებით სცადა რაბათის უბანში მცხოვრებმა ზორიკა შაპოიანმა.

„ჭერში ავედი და გავამაგრე. პატრონი არ ჰყავს და ამიტომაც მალე ინგრევა. ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ, ბებიაც და ბაბუაც. აქ ბავშები დარბიან და საშიში ადგილი გახდა“, - ყვება ზორიკ შაპოიანი.

ეკლესიის შეკეთებასთან ერთად, ძეგლის გარშემო მცხოვრებ ადგილობრივებთან ერთად, ტაძრის ეზოც არაერთხელ დაუსუფთავებია. „ტურისტები დადიან, გვრცხვენია და ვასუფთავებთ“. ზორიკ შაპოიანი იხსენებს, რომ ნაგებობა ბოლო ოცი წელია ავარიულ მდგომარეობაშია. ისტორიკოსების თქმით, კომუნისტური რეჟიმის დროს ტაძარს სათავსოდ იყენებდნენ.

„ადრე ტაძარი მოქმედი იყო და წირვაც ტარდებოდა, ახლა მიტოვებულია და პატრონი არავინაა. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს , ამიტომ მასზე სააგენტომ უნდა იზრუნოს“, - ამბობს ცირა მესხიშვილი.

ტაძრის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვაჩვენეთ. პრესსამსახურის ინფრომაციით, ძეგლი გადაუდებელ სამუშაოებს არ საჭიროებს. მცირე რეაბილიტაციის ჩატარება კი ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეუძლია.

„რაც ვნახეთ ძირითადი დაზიანება სამრეკლოს სახურავია. ეს არ არის მასშტაბური სამუშაო, ამის მოგვარება თვითმმართველობასაც შეუძლია“, - გვითხრა სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.



ახალციხის მერიას ისტორიული სალოცავის რეაბილიტაციის გეგმა არ აქვს. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად პროექტია საჭირო, რომელსაც სააგენტოსგან დამოუკიდებლად ვერ შექმნიან.

,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბევრი დაზიანებული ნაგებობაა, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მათ რებილიტაციას სპეციალური პროექტი სჭირდება, რომ ყველაფერი გათვალისწინებული იყოს. ეს პროექტები უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს არ აქვს რესურსი, რომ ასეთი პროექტი მოამზადოს. დიდი თანხაა საჭირო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ შევძლებთ“, - ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.



სანამ ძეგლის პირვანდელი სახე ჯერ კიდევ იკითხება, მისი ავარიული მდგომარეობით შეშინებული და თვითნებური ნაგავსაყრელით შეწუხებული მოსახლეობა, სახელმწიფო უწყებებისგან რეაგირებას ითხოვს.

| Print |