კულტურა
ახალქალაქის ორ სოფელში მოსახლეობა ტაძრებს რესტავრაციას უნებართვოდ უტარებს

ახალქალაქის ორ სოფელში, ადგილობრივმა მოსახლეობამ XIX ს-ის ტაძრების რესტავრაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ ტურცხში და კორხში სამუშაოები შეაჩერა და მოსახლეობა გააფრთხილა, მუშები გაჩერებას არ აპირებენ.

ტურცხში ტაძრის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც jnews.ge წერს, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ამიტომ მოსახლეობამ გადაწყვიტა ეს პრობლემა თავად მოაგვაროს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სოფელში სამუშაოები შეჩერდა. 
ტურცხის ტაძარი

კორხის დარბაზული ტიპის ეკლესიაში სამუშაოები უფრო მასშტაბურია. მუშები დაბზარულ კედლებს ანგრევენ და მათ ადგილზე ახალი ამოჰყავთ.


იური წარუკიანი, რომელიც რესტავრაციას აფინანსებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ  5 000 ლარით დააჯარიმა. ამის მიუხედავად სამუშაოები მაინც გრძელდება.
კორხის ეკლესია

რას აპირებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახალქალაქში - უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ველით. 

ახალქალაქის მერიაში სამუშაოების განახლებაზე ინფორმაცია არ აქვთ. ამის შესახებ მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანმა „მეცხრე არხისგან“ შეიტყო.

„სამუშაოები მართლაც მიმდინარეობდა, მაგრამ შეჩერებულია. ნებართვის მოსაპოვებლად, მოსახლეობამ მერიას მოგვმართა, ჩვენ კი ერთი კვირის წინ კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიის სააგენტოებში გავაგზავნეთ წერილები“, - ამბობს არმენ მარანგოზიანი „მეცხრე არხთან“.

მერის მოადგილემ გვითხრა, რომ საკითხს ზედამხედველობის სამსახური ადგილზე შეისწავლის. თუ სამუშაოები მიმდინარეობს, ოქმს გამოუწერენ. მშენებლობის შეჩერების უფლება კი მათ არ აქვთ.

კორხსა და ტურცხში ორივე ტაძარს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ, უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ისინი სომხური სამოციქულო ეკლესიის საკუთრებაა.

| Print |