კულტურა
ისტორიული ძეგლების უნებართვოდ შეცვლილი იერსახე
ახალქალაქის ორ სოფელში XIX საუკუნის ტაძრების რესტავრაცია ისე დაიწყეს, რომ არც საპროექტო სამუშაოები მოუმზადებიათ და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან აუღიათ ნებართვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოსახლეობა ისტორიულ ძეგლს პირვანდელ სახეს უნებართვოდ და კანონდარღვევით უცვლის.

ახალქალაქის სოფელ კორხში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მეორედ ჩამოვიდა. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა ლევან ჭავჭავაძემ უნდა იპოვოს ნიშნები, რაც დაადასტურებს, რომ ადგილობრივებმა გაფრთხილების და ჯარიმის მიუხედავად, სამუშაოები არ შეაჩერეს.

„სააგენტომ გააფრთხილა და შეაჩერა, დაუწერა 5 000-ლარიანი ჯარიმა, თუმცა მოგვდის ცნობები, რომ ისევ გააგრძელეს უნებართვო სამუშაოები. თუ არის ამის ნიშნები, განმეორებით ორმაგი, 10 000-ლარიანი ჯარიმა დაიწერება. თუ არ გაჩერდებიან, მივმართავთ სამართალდამცველებს და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება“, - ამბობს სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დაწერილი ოქმის საფუძველზე, ჯარიმის საკითხს ახალქალაქის სასამართლო 30 მაისს განიხილავს. სააგენტომ იური წარუკიანი, რომელიც სამუშაოებს აფინანსებს, 5 000 ლარით დააჯარიმა. ადგილობრივები ნაგებობის დაბზარულ კედლებს შლიან და მათ მაგივრად ახალის ამოყვანას აპირებენ.

„ნებართვის მოსაპოვებლად, მოსახლეობამ მერიას მოგვმართა, ჩვენ კი ერთი კვირის წინ კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიის სააგენტოებში გავაგზავნეთ წერილები“, - გვითხრა ახალქალაქის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანმა.

უნებართვო სამუშაოები მოსახლეობის ინიციატივით მხოლოდ კორხში არ დაწყებულა. ახალქალაქის სოფელ ტურცხში XIX საუკუნის ტაძრის სახურავის გამაგრება ადგილობრივებმა საკუთარი ხარჯებით გადაწყვიტეს. კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია სახელმწიფო უწყების გაფრთხილების შემდეგ შეჩერდა.

სოფელ ტურცხის ტაძრის რეაბილიტაცია

უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობებს, მოქალაქეები პირვანდელ სახეს ხშირად ისე უცვლიან, რომ ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არაფერი იცის. ერთ-ერთი ასეთი ახალციხის სოფელ წყალთბილას ბოლოს მდებარე ტაძარია, სადაც სოფლის მოსახლეობამ სამლოცველო ჩააშენა. სამუშაოები ისე შესრულდა, რომ ამის შესახებ სააგენტომ „მეცხრე არხისგან“, 13 წლის შემდეგ შეიტყო.

„საქართველოში 16 000 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ნებისმიერი ქვეყნის შესაბამის უწყებას გაუჭირდებოდა ამ მოცულობის ძეგლების ეფექტური ზედამხედველობა. ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ასეთ ფაქტებზე ინფორმაციის მოპოვების მხრივ ახლა უფრო მობილური და კომპაქტურია, მაგრამ ინფორმაციის ძირითად წყაროდ ისევ სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მედია რჩება“, - ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარე ეკლესიაში მშენებლობა 2006 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, ეკლესიის შესახებ ინფორმაციას ისტორიულ წყაროებში უშედეგოდ ეძებს ისტორიკოსი თინა იველაშვილი. ერთნავიანი, ბაზილიკის სტილის ტაძარი დუღაბით არის ნაშენი. სწორედ მშენებლობის ტექნიკა აფიქრებინებს ისტორიკოსს, რომ ეკლესია XI საუკუნეშია აგებული.

„დუღაბი მიწისძვრასაც უძლებს. ვერც ერთი ხარისხის ცემენტი ამ სიმტკიცის ვერ იქნება. სამშენებლო მასალა ტაძრის სიძველეზე მეტყველებს. სავარაუდოდ, XI- XII საუკუნეებშია აგებული, როცა ამ რეგიონში ეკლესიის მშენებლობის ბუმი იყო“.

ეკლესიის კედლის სიგანე ერთ მეტრზე მეტია. თინა იველაშვილი ამბობს, რომ ასეთი სქელი კედლებით პატარა სალოცავები არ შენდებოდა, ამიტომ ვარაუდობს რომ ეკლესია საკმაოდ დიდ ფართობზე იყო. გალავნის კვალი თითქმის სრულადაა წაშლილი. მიმდებარე ტერიტორიაზე ნასახლარები შეიმჩნევა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ წყალთბილასთან ძეგლის დაზიანებისთვის ადგილობრივებს შენიშვნას ახლა, 13 წლის შემდეგ მისცემენ.

„მშენებლობა უნებართვოა. ამას ვერ დავანგრევთ, მაგრამ მოსახლერობას გაფრთხილებას ახლა მივცემთ. გაფრთხილებამ უნდა იმოქმედოს იმაზე, რომ შემდგომში ძეგლზე ასეთი ტიპის ჩარევები აღარ მოხდეს და ნებისმიერი მშენებლობა განხორციელდეს მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით“, - ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე.

რატომ აწარმოეს სამუშაოები უნებართვოდ - ამაზე ადგილობრივებს საუბარი არ სურთ. სოფელში ამბობენ, რომ სააგენტოსგან გაფრთხილება ჯერ არ მისვლიათ.
| Print |