კულტურა
ახალციხის სამხატვრო სკოლა ეროვნული ფესტივალის გრან-პრის მფლობელია
ხელოვნების მეათე ეროვნულ ფესტივალზე „მომავლის ვარსკვლავები 2019“ ახალციხის სამხატვრო სკოლას გრან-პრი გადაეცა, მოსწავლე მარი აბრამიშვილი კი საუკეთესო ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა.

ფესტივალზე ახალციხის სამხატვრო სკოლის შვიდ მოსწავლეს და სამ მასწავლებელს ფაიფურის ნამუშევრები ჰქონდა წარდგენილი.

„ათი წელია იმართება და ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა. გრან-პრი გადმოგვეცა, როგორც ყველაზე წარმატებულ და საუკეთესო სკოლას. შვიდივე მოსწავლე დაჯილდოვდა, მედალი კი მარი აბრამიშვილს გადაეცა, საუკეთესო ნამუშევრის შესრულებისთვის. საუკეთესოებად დასახელდნენ ჩვენი პედაგოგები. ფესტივალზე გამგზავრება მერიამ დაგვიფინანსა“, - გვითხრა ახალციხის სამხატვრო სკოლის დირექტორმა ნანა ნათენაძემ.

ფესტივალი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორი დღის განმავლობაში იმართებოდა. მასში სამუსიკო და სამხატვრო სკოლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა კავშირი „ხელოვანები მომავლისთვის“.
| Print |