კულტურა
ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი იხსნება

 

28 ივნისს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. დღესვე მოეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები.

ფესტივალი 30 ივნისს დაიხურება. მანამდე დაგეგმილია სამუზეუმო კოლექციის ექსპონატების გამოფენა, კონცერტები, რეწვის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, საჯარო ლექციები და პრეზენტაციები, ტურისტული სააგენტოებისთვის განკუთვნილი ინფო-ტურები, საგანმანათლებო პროგრამები ბავშვებისთვის და ა.შ


30 ივნისს, 15:00 საათზე, რაბათის საკონფერენციო დარბაზში, ფესტივალის ფარგლებში რეგიონული განვითარების ასოციაცია წარმოგიდგენთ ტრენინგს თემაზე - ეთნოსუვენირები. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ინიციატივის - „აღმოაჩინე სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“ ფარგლებში შექმნილი პუბლიკაციები რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია; ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა; სახელოსნოების ინსიტიტუციის აღდგენის ხელშეწყობა; ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე რეწვის სახელოსნოების მუშაობის პროცესის სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობების მოწყობით ისტორიული ძეგლის ახალი ფუნქციით დატვირთვა და ვიზიტორების მოზიდვა.

ღონისძიება ხორციელდება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის ზრდა საქართველოში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. ფესტივალს ასევე მხარს უჭერს GIZ/IBIS პროექტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დუშეთის მუნიციპალიტეტი. ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პოპულარიზაცია და მათი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

 

| Print |