კულტურა
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების სამდღიანი ფესტივალი გაიხსნა

 

150-მდე ქართველი და უცხოელი რეწვის ოსტატი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას მართავს. ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი 28 ივნისს გაიხსნა. ახალციხის ციხეზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ორგანიზატორებმა მიმართეს.

 


ახალციხის ციხის ზედა ნაწილში მოეწყო ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები. ფესტივალი 30 ივნისს დაიხურება. მანამდე დაგეგმილია სამუზეუმო კოლექციის ექსპონატების გამოფენა-გაყიდვა, კონცერტები, საჯარო ლექციები და პრეზენტაციები.

ფესტივალში 150 რეწვის ოსტატი მონაწილეობს, მათ შორის შვიდი სამცხე-ჯავახეთიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. 30 საერთაშორისო მონაწილე ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან ჩამოვიდა.

ღონისძიების მიზანია ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია და ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა.

ფესტივალი წელს უკვე მეორედ იმართება. მისი ორგანიზატორი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციაა. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების სამინისტრო, USAID პროექტის ზრდა საქართველოში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

| Print |