კულტურა
თბილისელი ბიჭის თეატრალური კარიერა მესხეთში
თმაში შეპარული ჭაღარა, თვალებთან გაჩენილი ნაოჭები, დინჯი მოძრაობა, გამხდარ ხელზე გამოკვეთილი ვენები - ასაკის მიუხედავად, სულით მსახიობი დღესაც სცენაზე დგას. თბილისში დაბადებული და გაზრდილი პიერ ქადაგიშვილის ცხოვრება 26 წლის ასაკში შეიცვალა. მაშინ, როცა მსახიობთა დასთან ერთად, კარიერა სამხრეთ საქართველოში გააგრძელა. თეატრალურ ინსტიტუტში უთხრეს, რომ მისი ნიჭი ახლადაღორძინებულ მესხეთის თეატრს სჭირდებოდა.

აკაკი ხორავასა და მედეა კუჭუხიძის მოსწავლემ, რომელსაც სერგო ზაქარიაძესთან, ეროსი მანჯგალაძესთან, გოგი გეგეჭკორთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ბუმბერაზ მსახიობებთან ერთად აქვს ნათამაშები, ინსტიტუტში ჩაბარება გვიან გადაწვიტა. მასწავლებლის რჩევით, მეოთხე კურსელს უცხო მხარეში წასვლა მოუწია.
1967 წლის 21 აპრილს მესხეთის თეატრში ჩამოსულ „პირველ მერცხლებს ‘’ უცხო კოლეგების, უჩვეულო გარემოს, ცივი ამინდებისა და გაზაფხულის თოვლის გარდა არაფერი დახვედრიათ. რეალობასთან შეგუება მაშინვე გადაწყვიტა და ცხოვრება უცხო მხარეში გააგრძელა.

„მახსოვს პირველი გრძნობა აქ ჩამოსვლისას, როცა აპრილში თოვლი დავინახე. თბილისში დეკემბერში გვენატრებოდა თოვლი, აქ კიდევ გაზაფხულზე ცივი ამინდები და თოვლით გადათეთრებული ახალციხე დაგვხვდა. მალე დავმეგობრდით ადგილობრივ კოლეგებთან და პირველი სპექტაკლის დადგმაც დავიწყეთ“, - გვიყვება 82 წლის მსახიობი.

რეჟისორის ნანა დემეტრაშვილის დახმარებით, თბილისის დასმა მესხეთის თეატრისთვის პირველი სპექტაკლი ,,თედორე“ დადგა. პიერი იხსენებს, რომ მუშაობაში ღამეებს ათენებდნენ. რთული და დატვირთული გრაფიკის გამო, ხშირად თეატრის სცენაზეც ჩასძინებიათ.

სექტემბრის სუსხიან საღამოს, მესხეთის თეატრის კარი, პიერ ქადაგიშვილის მონაწილეობით მაყურებლისთვის პირველად გაიღო. ახალციხეში ჩამოსულმა მსახიობთა დასმა ოთარ ჩხეიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,თედორე“ შეასრულა.

„მთელმა საქართველომ მოიყარა თავი. არნახული ზეიმი იყო თეატრში. მესხეთში ქართული თეატრი აღორძინდა. გარდა ამისა, ხშირად გვქონდა გასვლითი დადგმებიც. ოთხ რაიონს ვემსახურებოდით. ბორჯომს, ასპინძას, ადიგენსა და ახალციხეს. ხელმძღვანელობა ყველაფრით ხელს გვიწყობდა“.

პიერი თანდათან ეგუებოდა სამცხე-ჯავახეთს. იმ დროისთვის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მეოთხე კურსელებს ხელფასებიც დაუნიშნეს, გარდა ამისა ის სტიპენდიასაც იღებდა.
სამსახიობო კარიერასთან ერთად ახალციხეში პირადი ცხოვრებაც შეიცვალა. ასპინძელმა გოგომ თავბრუ დაახვია და ორ კვირაში დაქორწინდა კიდეც. ამ ნაბიჯით უკვე საკუთარი ცხოვრება მთლიანად მესხეთს დაუკავშირა. დაოჯახების მიუხედავად, ახალციხის თეატრში მოღვაწეობას აქტიურად აგრძელებდა. ამბობს, რომ მთავარი როლები არ აკლდა და საქმესაც თავს წარმატებით ართმევდა.

იეთიმ გურჯი, თედორე მღვდელი, მანგლისის ეპისკოპოსი, შილერის ყაჩაღები, მორი, მზიანი ღამე - ეს პიესების მცირე ჩამონათვალია, სადაც პიერმა მთავარი როლები შეასრულა.

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 12 წელი გაატარა. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა ახალციხე დაეტოვებინა და ასეც მოიქცა. კარიერა თბილისში, მეტეხის თეატრში გააგრძელა.

„ოჯახური მდგომარეობის გამო, აუცილებელი იყო აქედან წავსულიყავი, თუმცა გულით არასოდეს დამიტოვებია მესხეთი. გონებიდან არასოდეს წამეშლება აქ გატარებული წლები და მიღებული გამოცდილება“,- ამბობს მსახიობი.

ახალციხეს ხშირად სტუმრობს, განსაკუთრებით მაშინ თუ მესხეთის თეატრი ეპატიჟება. სასცენო კარიერის განმავლობაში პიერ ქადაგიშვილმა 70-ზე მეტი როლი ითამაშა. მიუხედავად ასაკისა, ბოლო დროს თანამედროვე სერიალებში „ქერჩსა“ და „ტიფლისშიც“ გადაიღეს.

საკუთარ თავს „ყოფილ“ მსახიობს უწოდებს. ცხოვრებას კი სცენის გარეშე, მეუღლესთან, ორ შვილთან და სამ შვილიშვილთან ერთად აგრძელებს.


| Print |