კულტურა
ასპინძის სოფელ ზველში 50 საუკუნის წინანდელი ნაგებობები აღმოაჩინეს

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია არქეოლოგიურ კვლევებს ასპინძის სოფელ ზველში აწარმოებს.

ამ ეტაპზე, რაბათის ნამოსახლარზე აღმოჩენილია დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი მძლავრი ნაგებობები, რომლის მსგავსი არქიტექტურა კავკასიის რეგიონში ცნობილი არ არის. ტერიტორიის მიმდებარედ აღმოჩენილია სამარხები და ყორღანები. საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, ვხდებით სარიტუალო დანიშნულების არტეფაქტებს, როგორიც არის მაგალითად ცხოველისგამოსახულებიანი სადგრები და სხვა, რომელთა ანალოგები ჩვენს რეგიონში დღემდე არ არის აღმოჩენილი.

იგივე სურათია მომდევნო პერიოდის ფენებშიც, აქ აღმოჩნდა დაახლოებით 43 საუკუნის წინანდელი თიხის სტილიზებული ცხოველის ფიგურები და სავარაუდოდ, სარიტულო ჭურჭელი. არქეოლოგებისთვის ეს მიუთითებს, რომ სოფელ ზველის ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანაში არსებობდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დასახლებული ადგილი.

რაბათი წარმოადგენს გორა ნამოსახლარს, რომელსაც გააჩნია სასიმაგრო სისტემა. მასზე ფიქსირდება ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. III ათასწლეული) შუა საუკუნეების ჩათვლით. ამ მხრივ რაბათი წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვლევ ობიექტს იმის დასადგენად, თუ როგორ მიმდინარეობდა ადამიანის მიერ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი და როგორ სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ცვლილებებს განიცდიდა უძველესი მოსახლეობა ათასწლეულების მანძილზე.

რაბათის ნამოსახლარის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კვლევა წარმოადგენს მრავალწლიან ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტს. ექსპედიცია მოიცავს საველე სკოლას, სადაც ყოველწლიურად, ქართველ სტუდენტებთან ერთად, მელბურნის უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი გადის არქეოლოგიური გათხრების პრაქტიკას. გარდა ქართველი და ავსტრალიელი არქეოლოგებისა, კვლევებში ჩართულნი არიან საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული სპეციალისტები.

რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

| Print |