მესხეთის სახელმწიფო თეატრის შენობის სახურავზე შესრულებულ სამუშაოებს საექსპერტო ჯგუფი სწავლობს. ,,ოპტიმალ გრუპ +“–ის ოთხკაციანმა შემადგენლობამ სახურავი, დაწესებულების ადმინისტრაციასა და სამუშაოების შემსრულებლებთან ერთად დაათვალიერა. რა გახდა მიზეზი იმისა, რომ შენობაში წყალი ჩავიდა და თეატრის რესურსი დააზიანა, ამის შესახებ ექსპერტები დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ.
როგორც მესხეთის თეატრის დირექტორი, ირაკლი ათუნაშვილი ამბობს, ინდ. მეწარმე ,,ქრისტინე სარაშვილის“ წარმომადგნლებმა სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს, რის გამოც დაწესებულება დაზიანდა. დირექტორი ხარვეზის გამოსწორებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნუგზარ სარაშვილი იგივე ინდ. მეწარმე ,,ქრისტინე სარაშვილის“ წარმომადგნელი, ვალდებულია, მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე 10 წლის განმავლობაში თუ რაიმე ხარვეზი წარმოიშვა აღმოფხვრას.
საწინააღმდეგოს ამბობენ ტენდერში გამარჯვებულები. ნუგზარ სარიშვილი განმარტავს, რომ სამუშაოები გაწერილი პროექტის მიხედვით, ზუსტად გაკეთდა და შენობაში წყლის გაჟონვა მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ სახურავზე დამაგრებულ წყლის გამტარში თოვლი დაგროვდა. სამუშაოების შემსრულებელი სახურავის შეკეთებას საკუთარი რეპუტაციის გამო გეგმავს, თუმცა მიიჩნევს, რომ საექსპერტო ჯგუფის მიერ დადებულ დასკვნაში იგი გამართლდება.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციისათვის 140 ათასი ლარი გამოყო. ინდ.მეწარმე „ქრისტინე სარაშვილის“ მიერ შესრულებული სამუშაოები კი თეატრის ადმინისტრაციამ არ ჩაიბარა.