კულტურა
ადიგენში ნამოსახლარი აღმოაჩინეს, რომელიც სამცხეში ე.წ. ბედენური კულტურის დადასტურების პირველი შემთხვევაა

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ არალისა და წარბასთუმნის მიმდებარედ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. 

ზღვის დონიდან 1 560 მეტრზე, „ირმის რქაზე“, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მრავალფენიანი ნამოსახლარი, სადაც ცხოვრების უადრესი ეტაპი წარმოდგენილია ძვ. წ. III ათასწლეულით, ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურით. კვლევის შედეგად გამოვლინდა ამ პერიოდის საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები, სამეურნეო ორმოები და არქეოლოგიური მასალა: სადგრის ფრაგმენტები, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავები, თიხის მცირე ზომის ფიგურები, ობსიდიანის, კაჟისა და ქალცედონისაგან დამზადებული ნამგლის ჩასართები და ისრის პირები. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნამოსახლარზე ძვ.წ. III ათასწლეულის მიწურულით დათარიღებული ე.წ. ბედენური კულტურის ნამოსახლარის აღმოჩენა, რაც ამ კულტურის დადასტურების პირველი შემთხვევაა სამცხის ამ ნაწილში.

ძეგლზე არქეოლოგიური კვლევა თვის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის მეცნიერი გიორგი ჩილინგარაშვილი.

არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით.
| Print |