კულტურა
ფარავნის ტბის მიდამოებში არქეოლოგიური ექსპედიცია დასრულდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ფარავნის ტბის მიდამოებში ექსპედიცია დაასრულა. შედეგებს სააგენტო ანგარიშის სახით ახლო მომავალში წარმოადგენს.

ექსპედიცია სამეცნიერო, კომპლექსური მიდგომებით გამოირჩევა. მისი მთავარი მიზანი ფართოდ გაშლილი არქეოლოგიური და სამეცნიერო კვლევებია, რომელიც რეგიონის არქეოლოგიური პოტენციალის დადგენისკენაა მიმართული.

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის სეზონზე არქეოლოგიური გათხრები 2019 წელს დაწყებულ სამივე უბანზე მიმდინარეობდა. პირველ უბანზე ექსპედიციამ ყორღანული სამარხი შეისწავლა. რომელიც 2018 წლის აეროდაზვერვებით გამოვლინდა, ხოლო მისი არქეოლოგიური შესწავლა 2019 წლის სეზონზე დაიწყო. ყორღანი უნიკალურია, ჯავახეთში პირველ, სარიტუალო გზიან სამარხს და წარმოადგენს.

„როგორც გათხრებმა გვიჩვენა სამარხი გაძარცვული იყო. მიუხედავად ამისა, აღმოჩენილი მასალა საინტერესო და საყურადღებოა. აქ ობსიდიანის ისრისთავებთან ერთად დადასტურდა გვიან ბრინჯაოს ადრეული ეტაპის კერამიკული ნაწარმი, რამაც მოგვცა საშუალება ძეგლი ძვ.წ. XVI-XV საუკუნეებით დაგვეთარიღებინა (დათარიღება წინასწარულია და არ წარმოადგენს საბოლოო ვერსიას). მეორე უბანზე ექსპედიციამ შეისწავლა განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარის ნაშთები, რომელიც სოფელ ახალ ხულგუმოში მცხოვრები ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მდებარეობს. ძეგლი წინასწარი ვარაუდით ბაზალტის ქვებით ნაგებ,, ბანურად გადახურულ, სათავსო ნაგებობებს უნდა წარმოადგენდეს. მესამე უბანი მდებარეობს შაორის მთის დასავლეთით. ის ასევე 2018 წლის აერო დაზვერვების შედეგად გამოვლინდა და 2019 წელს დაიწყო მისი არქეოლოგიური შესწავლა. ამ ნამოსახლარზე გათხრების მთავარი მიზანი მისი სტრატიგრაფიის დადგენა გახლდათ. გათხრების შედეგად გამოვლინდა ორფენიანი ძეგლი, თუმცა ის შესაძლოა არსებობას პირველი ათასწლეულშიც იწყებდეს“ - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე „საზაფხულო სკოლის“ საქმიანობაც გრძელდება, რისთვისაც მცირე სამკითხველო ადგილოვრივ მოეწყო.

ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიცია, ფარავნის ტბის მიდამოებში პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით 2018 წლიდან ახორციელებს.















| Print |