კულტურა
მრავალფეროვანი ახალციხე - ქალაქის ისტორიული ძეგლები
ახალციხე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ ქალაქია, რომელიც ბოლო წლებში ვიზიტორებისთვის საინტერესო ტურისტულ ადგილად იქცა.

ქალაქის ისტორია მეცხრე საუკუნიდან იწყება, თავდაპირველად მას ლომსია ერქვა. მეთორმეტე საუკუნეში, სამცხის ათაბაგების - ჯაყელების მიერ,  დასახლების აღდგენის შემდეგ, იგი ახალციხედ იწოდება.

ახალციხე პატარა ქალაქია. მისი დათვალიერება ფეხითაც შესაძლებელია. 

თამარ მეფის ძეგლი
ქალაქში რამდენიმე ძეგლი შეგხვდებათ. მათ შორისა თამარ მეფის ძეგლი, რომელიც 1999 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მასშტაბით პირველად სწორედ ახალციხეში დაიდგა. იგი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალურად გახსნა. 14 მაისს წმინდა თამარის ხსენების დღეს აქ საზეიმოდ აღნიშნავენ.

შოთა რუსთაველის ძეგლი
შოთა რუსთაველის ძეგლი ქალაქ ახალციხის ერთ-ერთ ძველი ძეგლია. წელს მას რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც პირვანდელი სახე დაუბრუნდა.

ებრაული სინაგოგა
საქართველოში ყველაზე ადრეული - 1863 წელს აშენებული სინაგოგა ახალციხის ისტორიულ უბანში - რაბათში მდებარეობს. ებრაელთა სალოცავი საუკუნენახევარს ითვლის. გარდა ამისა, ამავე უბანშია კიდევ ერთი სინაგოგა, რომელიც 1902 წლით თარიღდება.

ებრაული სინაგოგა
წლების განმავლობაში სინაგოგას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. ამჟამად იგი უმოქმედოა. შენობას არ აქვს სახურავი, ფანჯრები და იატაკი.

წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია
წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია ახალციხეში, რაბათის უბანში მდებარეობს. საარქივო ჩანაწერებში ტაძარი მოხსენიებულია 1837 წლიდან. კერძოდ, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიალური ეკლესიების მოძრავი და უძრავი ქონების სიებში.

სავარდის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ტაძარი
ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ეკლესია და მონასტერი ფუნქციონირებს. ამ სახელწოდებით ტაძარი 2012 წელს იკურთხა. მანამდე ამ ადგილზე წმინდა ჯვრის სახელობის კათოლიკური ეკლესიის ნანგრევები იყო შემორჩენილი. მე-13 საუკუნის ტაძარი მე-16 საუკუნეში განაახლეს, თუმცა წლების განმავლობაში არაერთხელ დაანგრიეს.

წმინდა მარინეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი
წმინდა მარინეს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიაც რაბათის უბანში მდებარეობს. ტაძარი მეცხრამეტე საუკუნეშია აშენებული. 30 ივლისს, მორწმუნეები ტაძრის წმინდანის ხსენების დღეს აღნიშნავენ.

რაბათის ციხე
ციხის ისტორია IX საუკუნიდან ქალაქის ისტორიასთან ერთად იწყება. XII–XIII საუკუნეებში იგი აღადგინეს და ჯაყელების რეზიდენციად იქცა. ციხის ზედა ნაწილში, ძირითადად ისტორიული ნაგებობებია განთავსებული, როგორიცაა: სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ჯაყელების საგვარეულო სასახლეში ფუნქციონირებს. ასევე, მეჩეთი, მედრესე, მე-9 საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, ფაშას მოსასვენებელი, ციტადელი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ რაბათი სამცხე-ჯავახეთში ერთადერთი ადგილია, სადაც ერთმანეთის გვერდით ქართველები, სომხები, უკრაინელები, პოლონელები, ებრალები, ბერძნები და რუსები ცხოვრობდნენ. ახლა, მათი უმრავლესობა საქართველოდან წასულია, თუმცა ქვეყანასთან კავშირს მაინც არ წყვეტენ და მეორე სამშობლოდ ქცეულ სამცხე-ჯავახეთს პერიოდულად სტუმრობენ.

იმის გამო, რომ უბანში მაცხოვრებელთა მნიშვნელოვან ნაწილს ეროვნული და რელიგიური უმცირესობა წარმოადგენდა, 2009 წელს რაბათი ტოლერანტობის სიმბოლოდ აღიარეს.
| Print |