კულტურა
აბასთუმანში თამარის ციხის რეაბილიტაცია იწყება
აბასთუმანში ოძრხის, იგივე თამარის ციხის რეაბილიტაცია იწყება. ამ დროისათვის ციხის კვლევა-პროექტირება ხდება. ისტორიული ძეგლის გაწმენდა და არქეოლოგიური შესწავლა უკვე დასრულდა.

სამუშაოები ციხეზე ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ციხის კვლევა-პროექტირებას ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

"ძეგლის გაწმენდა და არქეოლოგიური შესწავლა დავასრულეთ. პროექტირებისა და რებილიტაციის ეტაპი კვლავ გაგრძელდება. ახლა მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მომავალ წელს ვიცით, რომ ფონდ "ქართუს" დაფინანსებით დაიწყება, როგორც ოძრხეს სამონასტრო კომპლექსის, ისე ციხის რეაბილიტაცია" - განუცხადა "მეცხრე არხს" კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

თამარის ციხე დაბა აბასთუმანში,  მდინარეების - ოცხისა და კურცხანის შესართავთან წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. ნაგებობა X საუკუნით თარიღდება. თამარის ციხე არ არის ჩვეულებრივი სასიმაგრო ნაგებობა, იგი ფეოდალის რეზიდენციაა, ციხე-დარბაზით, საკუთარი კარის ეკლესიით, მისაღები დარბაზითა და სხვა სათავსოებით.

რას შეეხება სამონასტრო კომპლექსს, მისი ნანგრევები ციხისგან მოშორებით, ოცხისა და კურცხანის შესაყართანაა შემორჩენილი.

ციხეზე შესრულებული სამუშაოების ამსახველ ფოტო-მასალას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
| Print |