კულტურა
ვარძია - ქალაქი, ციხესიმაგრე თუ სასაფლაო?
13 იარუსზე განლაგებული 600-ზე მეტი სენაკი, ეკლესიები, გვირაბები, სათავსოები... ვარძია საქართველოს ისტორიაში 1283 წელა მომხდარმა ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ, ნაწილი ჩამოანგრია. არის თუ არა ცნობები ვარძიის თავდაპირველ იერსახეზე? - რადიო თავისუფლება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს გურამ ყიფიანს ესაუბრა.

,,სულ თავიდან ვარძია გამოქვაბულები იყო. ეს გამოქვაბულები გიორგისაც დახვდა და თამარსაც. შემდეგ მათ სხვადასხვანაირად გაიაზრეს, რაში გამოეყენებინათ ეს სივრცე - ერთმა მასში მზამზარეული ყაზარმები დაინახა, მეორე კი, თამარი, უფრო შორს წავიდა და გადაწყვიტა, იქ რელიგიური ცენტრიც შეექმნა. მაგრამ ვარძია თავიდან რა იყო, ამაზე არავინ არაფერს ამბობს. ვარძიის გამოქვაბულების მორფოლოგიას თუ შეხედავთ, ის კლდოვანი სამარხია. ის არავითარ შემთხვევაში საცხოვრებელი კომპლექსი არ იქნებოდა.

ვარძია ერთბაშად არ შექმნილა. რომ დავთვალოთ კუბატურა, რაც ამ გამოქვაბულების გამოკვეთისას გარეთ არის გამოტანილი, თუნდაც მხოლოდ იმის, რაც დღეს არის შემორჩენილი, მიკერინის პირამიდის ტოლი (ფართობი 260 ათასი კუბური მეტრი) მასა გამოდის. შუა საუკუნეების ფეოდალს ასეთი რამის გაკეთება არ შეეძლო არც ერთი მეფობის დროს და არც - ორის. ეს დაგროვებით შექმნილი სისტემაა, სადაც დიდგვაროვნები იმარხებოდნენ.

ვარძიაში ბუნებრივი გამოქვაბულები საერთოდ არ გვხვდება. არც ერთი! არც ვარძიაში, არც უფლისციხეში, არც გრაკალის ქვაბებში და არც დავით გარეჯში. სამარხები ძალიან ადრე გაიძარცვა. საერთოდ, კლდოვანი სამარხის ინვენტარი დედამიწაზე ძალიან ცოტა ადგილას არის მიკვლეული. ძალიან მარტივად იძარცვებოდა.

ვარძიამ სულ 30 წელი იარსება პირვანდელი სახით, შემდეგ მიწისძვრამ დიაგონალურად ჩამოაქცია. თავიდან როგორი იყო, არ ვიცით და არც გვეცოდინება, რადგან ქართული საისტორიო წყაროები ამ კუთხით ძალიან მწირია. თუმცა, არის შემორჩენილი ასეთი რამ, რომ ვიღაც ლეგენდარული ალექსანდრე მაკედონელი (ოღონდ ეს დიდი ალექსანდრე მაკედონელი არ არის) შემოვიდა ქართლში და ოთხი ქალაქი ნახა: სარკინე ქალაქი და მისი ციხე დიდე, უფლისციხე კასპისაისა, ოძრახისაი და უბნისისაი. ეს ნიშნავს, რომ ამ სამ ქალაქს თავ-თავისი უფლისციხეები ჰქონდა. ციხე ძველ ქართულში იგივეა, რაც დიხა, თიხა და საფლავს ნიშნავს. უფალი ამ შემთხვევაში არის გარდაცვლილი და გაღმერთებული დინასტი, ციხე კი - მისი საფლავი. ვარძია, ჩემი აზრით, არის ციხე ოძრახისაი. რაც შეეხება ოძრახეს, ჩვენ ძალიან ჩამორჩენილები ვართ ძველი ქალაქების ლოკალიზაციის კუთხით. არ ვიცით, სად არის ოძრახე".

| Print |