კულტურა
ახალციხეში გიორგი ბრწყინვალის ძეგლის ესკიზების გამოფენა გაიხსნა
დღეს, 2 მარტს გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზისა და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. 25-მდე ნამუშევარი ახალციხის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის ფოიეშია განთავსებული. ესკიზების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს 10 მარტამდე შეეძლება.

ესკიზების შესარჩევად კონკურსი დეკემბერში გამოცხადდა. მის ფარგლებში, გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის 13 ესკიზი წარადგინეს, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ - 8.

გამარჯვებული ესკიზი 10 მარტს გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული ავტორი პროექტს განახორციელებს, მეორე ადგილზე გასული მიიღებს 1 500 ლარს, მესამე ადგილზე გასული პირი კი - 1 000 ლარს.

დემეტრე II თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ძე გიორგი V ბრწყინვალე სამცხეში, პაპის, მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელის კარზე იზრდებოდა. მან თავისი მეფობის პერიოდში აღადგინა საქართველოს ერთიანობა, განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, იხსნა ქვეყანა სრული განადგურებისაგან და ააღორძინა მონღოლთა ბატონობისგან დაქცეული ქვეყანა. ამიტომ მადლიერმა შთამომავლობამ მას "ბრწყინვალე" უწოდა.

გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმაზე პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში 12 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას ისაუბრა. გიორგი გახარიამ მაშინ აღნიშნა, რომ ქალაქში მეფის ძეგლი დაიდგმებოდა და ერთ-ერთ ქუჩას ბექა ჯაყელის სახელი დაერქმეოდა.



| Print |