კულტურა
კორხის ეკლესიაში უნებართვო სამუშაოებს მაისის ბოლოს დასრულებენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის თვითნებური რეაბილიტაცია გრძელდება. სომხური სამოციქულო ეკლესიის კუთვნილი, წმ.სტეფანეს სახელობის ტაძრის აღდგენა მაცხოვრებლებმა ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში, საკუთარი ინიციატივით დაიწყეს.

ეკლესიის კედლები ძალაყინით ისე ჩამოანგრიეს, რომ სამუშაოები სახელმწიფოსთან არავის შეუთანხმებია. ტაძრის თვითნებურად ჯერ ნგრევისა და შემდეგ უკვე მშენებლობის მიზეზად ადგილობრივები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მხრიდან უყურადღებობას ასახელებენ.

„ეკლესია სამი წელია ასეთ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციის უფლება რომ მოეცათ, სააგენტოს თხოვნით რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. სხვა გზა რომ აღარ დაგვრჩა, მისი თავიდან აშენება გადავწყვიტეთ, ჩვენი სახსრებით და რუსეთში მცხოვრები თანამემამულეების დაფინანსებით“, – ამბობს ადგილობრივი იშხან აკოფიანი.

შეუთანხმებელი საქმიანობის გამო, ორი წლის წინ ისინი დაჯარიმდნენ. საქმეზე სასამართლო დავაც დაიწყო, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. დაჯარიმებული იური წარუკიანი მშენებლობის ორგანიზების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ საქმეში ყველა თანაბრად მონაწილეობს. უნებართვო მშენებლობის დაწყებისა და ეკლესიის დანგრევისთვის წარუკიანი 2019 წელს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 5 000 ლარით დააჯარიმა. ფაქტი მან სასამართლოში გაასაჩივრა.

,,სასამართლომ ჩვენი წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა, რადგან დაზუსტებით არ დგინდებოდა ჩვენი წარდგენილი მტკიცებულებებით იურის უშუალო ინიციატივა და ჩართულობა ამ ეკლესიის უნებართვო აღდგენასთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება“- ნათქვამის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადგან საქმეში ინიციტორთა ჯგუფის გამოვლენა ვერ მოხერხდა, 2019 წლის 15 ივლისს, სააგენტომ დახმარებისთვის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს მიმართა. გამოძიების პასუხს სააგენტო რაიონული პოლიციისაგან ამ დრომდე ელის, რათა სამომავლოდ განისაზღვროს ის ვალდებულებები, რაც სარეაბილიტაციო პროექტის წარმოდგენას, შეთანხმებას, დადგენილ ვადებში ნებართვის მიცემას და სარეაბილიტაციო ქმედებების გამოსწორებას გულისხმობს.
ვიდრე სააგენტო პოლიციისგან გამოძიების პასუხს ელოდება, მანამდე სოფელში სამშენებლო სამუშოები ისევ გრძელდება.

„ჩვენ სამუშაოები უკანონოდ არ დაგვიწყია, საბუთები მოვიპოვეთ, თუმცა იმდენი დრო გავიდა, ახლა აღარც კი მახსოვს ვისთანაა. მაისის ბოლოს უკვე ღობესაც შემოვღობავთ, დიდ, ძვირადირებულ ზარს ჩამოვკიდებთ და მამაოსაც მოვიყვანთ“, – ამბობს „მეცრხე არხთან“ იური წარუკიანი.

მისივე თქმით, ეკლესიის მშენებლობისთვის ხალხს ,,ძალა და თანხა არ დაუზოგავს“.

„არასწორად მოიქცნენ, როცა თბილისიდან წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ჩვენს წინააღმდეგ სასამართლო წამოიწყეს. ეკლესიის მშენებლობა ჩვენივე სახსრებით დავიწყეთ. მათ ეგონათ, რომ მე ვიყავი ორგანიზატორი, მაგრამ არა - ეს მთელმა სოფელმა ერთად გავაკეთეთ. ეკლესია ჩვენი სიმდიდრეა, მთავარია, რომ ლოცვის და სანთლების დასანთებად სხვაგან აღარ წავალთ“.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ საკითხი მოგვარებულია, თუმცა ამას უარყოფენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაოები კანონდარღვევით გრძელდება და მის შესაჩერებლად მკაცრი სანქციების გატარება აუცილებელია.

კორხის ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ვანდალიზმი უწოდა. ძეგლი პირვანდელი სახით აღარ არსებობს.

კორხში მდებარე წმ.სტეფანეს (სურბ სტეფანოს) სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლის 30 ივნისს მიენიჭა. XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნის.

სოფელ კორხის მსგავსად, სოფელ ტურცხის მაცხოვრებლებმაც XIX საუკუნის ტაძრის დაზიანებული სახურავის შეცვლა უნებართვოდ დაიწყეს, რაც საბოლოოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შენიშვნის შემდეგ, სამუშაოები შეწყვიტეს.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |