კულტურა
„ამდენი მაყურებლი პანდემიამდეც არ გვყოლია“ - ვახტანგ ქორიძე
პანდემიის შემდეგ „სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა“ სპექტაკლები უჩვეულოდ ბევრი მაყურებლით განაახლა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვახტანგ ქორიძის თქმით, სპექტაკლების გამართვა ხშირად განმეორებით უწევთ.

„სპექტაკლზე დასწრების მოთხოვნა ძალიან დიდია, რეგულაციებს ვიცავთ, ამიტომ თითოეულ წარმოდგენაზე მხოლოდ 70 ადგილი ივსება. მაყურებლის თხოვნით ორ დღეში უკვე მესამე სპექტაკლი ჩავატარეთ. როგორც კი სპექტაკლი ანონსდება, ბილეთები მაშინვე იყიდება, არის შემთხვევები როდესაც უბილეთოდ რჩებიან, ასეთ დროს სპექტაკლს მეორედ ვატარებთ“ - აცხადებს ვახტანგ ქორიძე.

„სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრის“ საქმის მწარმოებელი თეა გოგოლაძის აცხადებს, რომ მიუხედავად პანდემიისა მაყურებელი ასაკის განურჩევლად დიდი რაოდენობით ესწრება სპექტაკლებს.

„საკმაოდ აქტიურია მაყურებელი, ჩვენ მაყურებელი მოგვენატრა და პატარებს კი ჩვენ მოვენატრეთ აშკარად, მაყურებელი სამი წლის ასაკიდან გვყავს, უფროსებიც ხშირად მოდიან სპექტაკლზე “ - აცხადებს თეა გოგოლაძე.

,,სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში“ დღეს პრემიერა 13: 00 და 15:00 საათზე გაიმართა. ახალციხის თოჯინების თეატრმა მაყურებელს სპექტაკლი „ბუტია“ წარუდგინა.

,,სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრმა" რეპეტიციები 15 მარტიდან განაახლა. პირველი სპექტაკლი მაყურებელს 4 აპრილს წარუდგინა. ამის შემდეგ თეატრი მაყურებელს ყოველკვირა მასპინძლობს.

| Print |