კულტურა
ადიგენის სოფლებში უყურადღებობის გამო, ასობით წიგნი ფუჭდება
ადიგენის სოფლებში - ნაქურდევსა და ზემო ენთელში მიტოვებულ, უკვე ყოფილ ბიბლიოთეკებში წიგნები ფუჭდება. შენობები, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სამკითხველო იყო მოწყობილი, ამორტიზებული და დაკეტილია. უყურადღებობის გამო, მხატვრული ლიტერატურა მტვრით არის დაფარული და ლპება. წიგნების ნაწილი ძირს ყრია, ნაწილი კი თაროებზეა დალაგებული. გაუქმებული ბიბლიოთეკების და მიტოვებული წიგნების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას გურამ კახაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კომუნისტების დროს ბიბლიოთეკა სამლოცველოებში იყო განთავსებული. დღესდღეობით მეჩეთები დაკეტილი და მიტოვებულია. შენობაც ცუდ დღეშია, მაგრამ წიგნებია უფრო უარესში. ტაბიძე, წერეთელი, ჭავჭავაძე, ყაზბეგი, დუმბაძე, ტომეულები, შექსპირი, ბალზაკი - რომ ვუყურებდი გული მეწვოდა. ერთი ადამიანიც რომ იყოს, რომელიც მოინდომებს, შეიბრალებს წიგნებს, გაწმენდს და დაალაგებს, მეტი არაფერი უნდა მაგას. სავარაუდოდ, ეს წიგნები არავის ბალანსზე არაა, რადგან მომკითხავი არ ჰყავს. ვერ პატრონობენ კი არა, არ პატრონობენ. წიგნის ასეთ უბედურ დღეში ჩაგდება მე არ მინახავს“, - გვითხრა გურამ კახაძემ.
ბიბლიოთეკა არც ერთ სოფელს აქვს. რწმუნებულებს ვკითხეთ, რატომ არ პატრონობენ და იყენებენ წიგნებს. ნაქურდევში მერის წარმომადგენელმა გიორგი ენდელაძემ გვითხრა, რომ მეჩეთში გამოკეტილი ლიტერატურა წლების წინ აქვს ნანახი, თუმცა მათი ბედით მას შემდეგ არ დაინტერესებულა.
„რა წიგნებია არ ვიცი, მაგრამ რომ არის ეს ვიცოდი, შემთხვევით მაქვს ნანახი, სანამ წარმომადგენელი გავხდებოდი. კომუნისტების მერე დაკეტილია ეგ ბიბლიოთეკა, მინგრეულია. ალბათ კარგი წიგნები წაღებულია, ლენინის ტომები იქნება მანდ. ჩავაყენებ საქმის კურსში ჩვენს ბიბლიოთეკას, ნახონ, თუ არის გამოსადეგი რამე“.
მიტოვებული წიგნების შესახებ ჩვენგან შეიტყო მერის წარმომადგენელმა ზემო ენთელში პეტრე საკანდელიძემ.
„წლებია დაკეტილია, არ ვარ ნამყოფი შიგნით, არ ვიცი რა ხდება. გავარკვევ, თუ ვინმეს გასაღები აქვს და ვნახავ“.
მიტოვებულ შენობაში რომ ასობით წიგნი ლპება, არ იციან ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურში. მისი უფროსი ზურაბ ბეთხოშვილი ამბობს, რომ ლიტერატურის ბედით დაინტერესდება.
„ინფორმაციას არ ვფლობ, გადავამოწმებ. რაც წიგნის ფონდი გვაქვს, ყველა საკმაოდ კარგ პირობებშია შენახული“.
ორივე შენობა, სადაც წიგნები ფუჭდება, ამორტიზებულია. მეჩეთებში წვიმის დროს წყალი ჩადის, რაც ისედაც დაზიანებულ წიგნებს კიდევ უფრო აფუჭებს. ამის გამო, ლიტერატურის ნაწილი გადასაყრელია.
გააზიარეთ :