კულტურა
ეს თეატრი მომავალი წლიდან კულტურის სამინისტროს აღსადგენი და გასაახლებელია - თეა წულუკიანი
ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა. ორკვირიანი ფესტივალის ბოლო დღეს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო. მან სცენიდან თეატრალურ დასსა და მაყურებელ მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, რომ მომავალი წლიდან შენობის რეაბილიტაცია დაიწყება.

„პირველ რიგში თქვენ მოგილოცოთ, ვინც სცენაზე იდექით და ასევე მაყურებლებს. რამდენიმე დღის წინ მქონდა ბედნიერება ამ თეატრის კუთხე-კუნჭული შემომევლო და ამ შესანიშნავი დასისთვის, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში საგმირო საქმეს სჩადის, მეთქვა ის დიდი მხარდაჭერა, რომელსაც ისინი მრავალი წელია იმსახურებენ. მე გაოცებული ვარ, რომ დღეს დარბაზი არის გადაჭედილი. როგორც მეუბნებიან, ეს არ არის მხოლოდ დღეს, ეს მუდმივად ასეა ამ თეატრში. ამიტომ, და არა მხოლოდ ამიტომ, ეს თეატრი მომავალი წლიდან იქნება კულტურის სამინისტროს აღსადგენი და გასაახლებელი“, - განაცხადა წულუკიანმა.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ქალაქებში გასტროლებს დაიწყებს. მესხ მაყურებლებს კი სპექტაკლებს ნოემბრის ბოლოდან შესთავაზებენ.

| Print |