კულტურა
მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლია სულუაშვილი დაინიშნა
მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლია სულუაშვილი დაინიშნა. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება 3 თებერვალს გამოიცა.

ლია სულუაშვილი მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა და უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოეწურა.

მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ლია სულუაშვილმა მიიღო. მისი კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროსთან არსებული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა.

"სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა), სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია,"
- ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |