კულტურა
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით აბასთუმანს ეწვია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამინისტროს წარმომადგენლებთან და არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფთან ერთად დაბა აბასთუმანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

კულტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო სიტუაციას, დაათვალიერა სამი ობიექტი, რომელთაგან ორზე კერძო ინვესტორებს დაგეგმილი აქვთ სასტუმროების მშენებლობა, ხოლო მესამე არის ე.წ. სამეფო აბანო, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიონალებთან და ინვესტორების წარმომადგენლებთან ერთად, თეა წულუკიანმა იმსჯელა, როგორ უნდა დაკორექტირდეს სამშენებლო პროექტები იმგვარად, რომ არ დაირღვეს აბასთუმნის იერსახე, შენარჩუნდეს კურორტის უნიკალური თვისებები და ტურისტული პოტენციალი და ამავდროულად, არ დაზარალდეს კერძო ინვესტორის ინტერესები.

ვიზიტის მიზანი იმ რამდენიმე ადგილის მონახულება იყო, რომლებზეც მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით კერძო ინვესტორებს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის საბჭოსთვის განსახილველად წარმოდგენილი აქვთ სამშენებლო პროექტები და საბჭოს აქვს გარკვეული შენიშვნები მოცემულ პროექტებთან დაკავშირებით.

| Print |