კულტურა
თეატრის დაარსებიდან სცენაზე - მესხეთზე შეყვარებული ვაჟა ნიკოლაშვილი

 

ის ნამდვილად დააკლდება ყველას - ასე ეხმაურება მესხეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ანი ხუბუტია ამავე თეატრის მსახიობის ვაჟა ნიკოლაშვილის გარდაცვალებას. ანის თქმით, იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მესხეთის თეატრის დაარსების დღიდან ამ სცენაზე დგას.

"ბატონო ვაჟა იყო ის პირველთაგანი ვინც დაარსების დღიდან მოვიდა მესხეთის თეატრში, ის იყო მთელი ქალაქის და მესხეთის უსაყვარლესი მოქალაქე. კეთილი, დიდი იუმორის მქონე და საოცრად მუსიკალური. ის ნამდვილად დააკლდება ყველას" - ამბობს ანი ხუბუტია.

მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა თეატრის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში:

"მრავალი წლის განმავლობაში ვაჟა ნიკოლაშვილმა თავისი შემოქმედებითი საქმიანობით უდიდესი წვლილი შეიტანა მესხეთის თეატრის განვითარების საქმეში, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის მაყურებლის დიდი სიყვარული და აღიარება დაიმსახურა. მას შექმნილი აქვს მრავალი საინტერესო, ერთმანეთისაგან განსხვავებული სხვადასხვა ჟანრის როლები.

იგი იყო ახალგაზრდებისათვის მაგალითის მიმცემი, საქმისადმი ერთგული და თავდადებული, კოლეგების მიმართ კი მეგობრული.

მესხეთის თეატრისათვის დიდი დანაკლისია მისი ტრაგიკულად გარდაცვალება. ქალაქს კი დააკლდა კიდევ ერთი უნიჭიერესი და სამცხე- ჯავახეთზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება"
- წერია განცხადებაში.

ვაჟა ნიკოლაშვილი 1949 წლის 9 ოქტომბერს, გარდაბანში, სოფელ ნორიოში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 107-ე, რვაწლიანი სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ხალხური შემოქმედების კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელში, თეატრალურ ფაკულტეტზე გააგრძელა.

ხუთი წლის იყო, როდესაც სცენაზე პირველად დადგა ფეხი და სიმღერა შეასრულა. 17 წლიდან კი ცხოვრება მსახიობის პროფესიას დაუკავშირა.

მესხეთის თეატრში მოღვაწეობის 55 წლის განმავლობაში ასობით მთავარი როლი და უამრავი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.

საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, კახეთიდან მესხეთში ჩამოვიდა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა.

მსახიობს თბილისში, 26 თებერვალს დაკრძალავენ.

გთავაზობთ ვაჟა ნიკოლაშვილის სიმღერას ახალციხეზე, რომლითაც მესხეთში კიდევ უფრო შეიყვარეს.

ასევე ნახეთ მსახიობის საახალწლო მილოცვა, რომელიც "მეცხრე არხმა" 2015 წელს ჩაწერა.

"მეცხრე არხი" მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
ასევე ნახეთ:

| Print |