კულტურა
ვაჟა ნიკოლაშვილს მესხეთის თეატრის სცენა უკანასკნელად დაუთმეს
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი თბილისიდან ახალციხეში ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა.

მთელი დღის განმავლობაში მსახიობისთვის ბოლო პატივის მისაგებად მიდიოდნენ მეგობრები, მოქალაქეები, მისი სპექტაკლების ერთგული მაყურებლები.

საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი ვაჟა ნიკოლაშვილი 22 თებერვალს გარდაიცვალა. მას თბილისში ხვალ, 26 თებერვალს დაკრძალავენ.

ვაჟა ნიკოლაშვილი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1967 წელს ჩამოვიდა, სადაც სიცოხლის ბოლომდე მუშაობდა. მოღვაწეობის 55 წლის განმავლობაში ასობით მთავარი როლი ითამაშა და უამრავი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.

| Print |