კულტურა
"ახალციხესთან მიმართებაში დიდი გეგმები გვაქვს “ - ნიკა საბაშვილი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ 1 აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ახალციხის, თბილისისა და ქუთაისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების რეორგანიზაცია, მათი გაერთიანების გზით.

სამივე თეატრი მუშაობას განაგრძობს იმავე შენობებში და თითოეულ მათგანს შეუნარჩუნდება სახელწოდება. ახალ ორგანიზაციას, რომელსაც სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ეწოდა, უხელმძღვანელებს რეჟისორი ნიკა საბაშვილი.

„თოჯინების თეატრის გაერთიანება დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს როგორც ახალციხის და ქუთაისის თეატრებში, და იმედი გვაქვს რომ ჩვენს მაყურებლებს, განსაკუთრებით ბავშვებს გავახარებთ. გადმოგვეცა ახალი შენობა, სადაც საამქრო გაკეთდება. მსგავსი საამქრო არც ერთ სახელმწიფო თეატრში არ არსებობს და მეთოჯინის პროფესია გადაშენების პირასაა. ჩვენ ვგეგმავთ ამ პროფესიის ადამიანების შეკრებას და საამქროს ჩამოყალიბებას. ახალციხესთან მიმართებაში დიდი გეგმები გვაქვს და მაყურებელს ეტაპობრივად მივაწვდით “ - განაცხადა ნიკა საბაშვილმა მეცხრე არხთან საუბრისას.

რეფორმის ფარგლებში, დარგის განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა თბილისში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ერთიანი საამქროს შექმნა, სადაც კოორდინირებულად იმუშავებენ პროფესიონალი მეთოჯინეები.

ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. შეიქმნება თოჯინების მუზეუმი, სადაც საექსპოზიციოდ წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი ექსპონატები, როგორც უძველესი თოჯინების, ისე მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტაციის სახით. რეფორმა, აღნიშნულ კომპონენტებთან ერთად, ითვალისწინებს მაყურებელთა ასაკობრივი სეგმენტის ზრდას და მათთვის მრავალფეროვანი რეპერტუარის შეთავაზებას.

| Print |