კულტურა
ორჭოსანის და ირმის რქის ნამოსახლარზე არქეოლოგიური გათხრები იწყება
ახალციხეში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ბოლო წლებში არქეოლოგიურ გათხრებს მიეძღვნა.

სიმპოზიუმი გაიმართა პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროპული სამეცნიერო საბჭო აფინანსებს. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 30 მეცნიერი მონაწილეობდა. კონფერენციაზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთში აღმოჩენილი, ძვ.წ.აღ.-მდე IV-III ათასწლეულებით დათარიღებული ექსპონატები.

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ორჭოსანის და ირმის რქის ნამოსახლარზე, არქეოლოგიური გათხრები იწყება. სამუშაოები პროექტის ფარგლებში ჩატარდება, რომელიც გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტია. სოფელ უდესთან, ირმის რქაზე გათხრები ივნისში დაიწყება, ორჭოსანის ნამოსახლარზე კი - აგვისტოში.

პროექტი ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ჩართული იქნებიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. 

ადიგენის სოფელ უდესთან, ირმის რქის ნამოსახლარზე დასტურდება მტკვარ-არაქსის კულტურის ნამოსახლარი. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სამუშაოები 250 კვ.მ. ტერიტორიას მოიცავს და დაწყებულ მოკვლევას დაასრულებენ.

ორჭოსანში კი არქეოლოგიური გათხრები პირველად 2015-16 წლებში ჩატარდა, როცა სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობის დროს იქ ნამოსახლარს მიაკვლიეს. ორივე ადგილზე აღმოჩენილი მასალები სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი.

| Print |