კულტურა
ანსამბლ "მესხეთის" საიუბილეო კონცერტმა ფილარმონიაში ანშლაგით ჩაიარა

კაკი ქიმერიძის ვიდეო.

ახალციხის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "მესხეთმა" დაარსებიდან 50 წელი თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სოლო კონცერტით აღნიშნა. ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა. მოცეკვავეებმა სხვადასხვა საცეკვაო და მუსიკალური ნომერი შეასრულეს. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიების კულმინაცია უფროსი თაობის მიერ შესრულებული საცეკვაო ნომერი იყო.

"ცოცხალ მუსიკაზე ვიცეკვეთ, 12 მუსიკოსი გვყავდა. ძალიან კარგი კონცერტი გამოგვივიდა, ცნობილი ადამიანები გვესწრებოდნენ, "სუხიშვილების" წევრები. პანდემიის შემდეგ ზოგიერთ ანსამბლში ბავშვები არც მისულან, ჩვენ პანდემიამდე დაგეგმილი კონცერტი მაინც ჩავატარეთ. ანშლაგით ჩაიარა, სავსე იყო ფილარმონიის დარბაზი. ბოლოს, სიმბოლური ცეკვა პოპური შევასრულეთ ძველმა თაობამ, ვინც ჩემთან ერთად გაიზარდა ამ ანსამბლში. ჩვენ ვართ პირველი რაიონული ანსამბლი, ვინც ფილარმონიაში სოლო კონცერტი ჩავატარეთ. ახალი წლისთვის მოითხოვეს კიდევ ერთი კონცერტი, შესაძლოა ამ ექვს თვეში ახალი პროგრამა მოვამზადოთ", - ამბობს ანსამბლის ხელმძღვვანელი ლევან ქიმერიძე. 

მაყურებელმა განსაკუთრებით ემოციურად მიიღო უკრაინული ცეკვა, რომელიც ანსამბლმა მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად წარადგინა.

ზურაბ მაღრაძის ვიდეო.

ანსამბლი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 250-მდე მოცეკვავითა და 22 საცეკვაო ნომრით იყო წარდგენილი. ღონისძიებაზე მიწვეული იყო ფოლკლორული ანსამბლი "მესხეთი" რომელმაც რამდენიმე სიმღერა შეასრულა. 

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს არაერთი ქვეყანა წარმატებით მოიარა. მათ უამრავ საერთაშორისო ფესტივალში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
| Print |