კულტურა
"ახალციხელობა 2022" ახალციხეში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა
დღეს, 30 ივნისს, ახალციხეში, სახალხო-საეკლესიო დღესასწაული "ახალციხელობა" იზეიმეს.

დღის აღნიშვნა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, სადაც საზეიმო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანიასთან ერთად აღასრულა.

წირვის შემდეგ "ახალციხელობის აღნიშვნა სპორტული და კულტურული ღონისძიებებით ახალციხის ციხეზე გაგრძელდა. სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაზე დასწრება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ სპორტულ ღონისძიებებშიც ჩართულიყვნენ.

მოეწყო გეზრბენი, საჩვენებელი გამოსვლები ტანვარჯიშსა და კარატეში. გასართობ-შემეცნებით სივრცეში კი მერიის ახალგაზრდული საქმიანობის პრეზენტაცია და სამაგიდო თამაშების ვორქშოფში გაიმართა.

საგამოფენო სივრცეებში ადგილობრივი ხელოვანებისა და ოსტატების ნამუშევრები, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. მოეწყო დრამშოუ და ზღაპრის გმირების შოუ.

ღონისძიებაზე ცნობილი მუსიკოსი და ახალციხის საპატიო მოქალაქე თემურ ყვითელაშვილი მუსიკალური კომპოზიციებით წარსდგა. მაყურებლისთვის სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს ადილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა კი თეატრალური წარმოდგენით შალვა ახალციხელის ეპოქა გააცოცხლა.

ღონისძიებების ფარგლებში, 2022 წლის „ახალციხის საპატიო მოქალაქეები“ დასახელდნენ. აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის საპატიო ახალციხელის სტატუსი მიენიჭათ ექიმ- კარდიოლოგ ზვიად მათოშვილს, ქალაქ ახალციხის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორს სუსანა აკოფოვას და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, მეუფე ანანია ჯაფარიძეს.

მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კლდის საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი თამარ გოქაძე, რომელმაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსში„ მწვანე ჯილდო 2022“ გაიმარჯვა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

"ახალციხელობა 2022"-ის ორგანიზატორი ახალციხის მერიაა. ღონისძიების ორგანიზებისთვის 26 820 ლარი დაიხარჯა.
| Print |