კულტურა
კულტურის სამინისტრო ბორჯომის ტყეში მდებარე ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კულტურის სამინისტროს ბორჯომის ტყეში მდებარე კვირიკეწმინდას ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზოგიერთი ცენტრალური მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ხანძრის გამო ტაძრის სრულად განადგურების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"სინამდვილეში, მოცემული ძეგლი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების დამსახურებაა. შესაბამისად, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას",- ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი იმყოფება, რომელიც ვითარებას ადგილზე სწავლობს და მონიტორინგს ახორციელებს.

"ძეგლის შიგნით და მის გარშემო არ შეცვლილა ხანძრამდე არსებული მდგომარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ცეცხლის კერები; დროდადრო აღინიშნება მხოლოდ დაკვამლიანება", - ნათქვამია განცხადებაში.

ნახევრად დანგრეული კვირიკეწმინდას მე-9 საუკუნის ეკლესია ბორჯომის ტყეში, სოფელ ქვაბისხევის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა მხარეს, სოფელ დვირიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ბორჯომის ტყეში ხანძრის გაჩენის შემდეგ, გაჩნდა საშიშროება, რომ ცეცხლი ტყესთან ერთად ისტორიულ ძეგლსაც გაანადგურებდა.
| Print |