კულტურა
როდის დაიწყება მესხეთის თეატრის რეაბილიტაცია - მინისტრმა ობოლაშვილის კითხვას უპასუხა
პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმინა. უწყების პირველ პირს კითხვები დაუსვა სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმაც. დეპუტატი, პირველ რიგში, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციის საკითხს შეეხო.

"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მესხეთს სახელმწიფო დრამატული თეატრის მნიშვნელობაზე, რომელიც საჭიროებს სრულ სარემონტო სამუშაოებს. რაზეც თქვენგან გვაქვს მხარდაჭერა და თანხმობა. მხოლოდ, მე მაინტერესებს, რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თუ როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები და როდის დასრულდება", - იკითხა დეპუტატმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს 30 თეატრიდან მან სამი თეატრის რეაბილიტაციის ჩასმა ითხოვა პრემიერ-მინისტრის მასშტაბური მშენებლობების ინიციატივაში და მათ შორის იყო მესხეთის თეატრის. თუმცა თეა წულუკიანის თქმით, კომპანიებმა ახალციხეში პროექტების განხორციელებაზე უარი თქვეს. ამიტომ სამინისტრო იძულებულია "კლასიკური გზით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის მიღმა" დაიწყოს სატენდერო პროცედურები.

"ჩვენ აქ გვაქვს თეატრის რეაბილიტაციის ძველი პროექტი 2019 წლის, რომლის ხარჯთაღრიცხვა არის 10 მილიონი ლარი. ამჟამად მიმდინარეობს ამ ხარჯთაღრიცხვის გადათვლა. გადათვლა აქამდე არ მოხდა, იმიტომ რომ წელს ეს თანხა ჩვენს ბიუჯეტში არ იყო და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ჩავსვათ. ამიტომ, გვჭირდება გადათვლილი ხარჯთაღრიცხვა, რაც ალბათ, იქნება მინიმუმ ნახევარჯერ მეტი. ამ პროექტის შესაბამისად, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი", - განმარტა მინისტრმა.

მინისტრი ასევე შეეხო მესხეთის თეატრის მსახიობების ნაწილის მიერ გამოთქმულ პროტესტს, რომელიც თეატრის რეაბილიტაციის დაგვიანებასა და თანამშრომელთა დაბალ ანაზღაურებას შეეხებოდა. წულუკიანმა მათი პროტესტი ულტიმატუმად და შანტაჟის ენაზე გადასვლად შეაფასა. მისი თქმით, ზოგიერთი თანამშრომელი "დაუნახაობას ცდილობს".

"მესხეთის თეატრი, რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმაში გვაქვს და ეს არ იცვლება, რაც არ უნდა თეატრში მომუშავე რამდენიმე თანამშრომელს უნდოდეს ამის ასე გასაღება, რომ ვითომ ეს ტყუილი დაპირებაა. მე როდესაც არ შემიძლია რაღაცის გაკეთება, არ ვპირდები არავის... იქ არის რაღაც ტურბულენტობა, შანტაჟის ენაზე საუბარი, მაგრამ ეს ნაკლებად საინტერესოა. დასანანია უბრალოდ, იმიტომ, რომ მესხეთის თეატრი, მე დმანისის თეატრთან ერთად გამოვარჩიე 30 თეატრიდან და ვთქვი, რომ ეს ორი თეატრია პრიორიტეტი. დმანისის თეატრისგან განსხვავებით, მესხეთის თეატრის ზოგიერთმა თანამშრომელმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა, თუ არა შანტაჟის ენაზე და ულტიმატუმებზე გადასვლა, მაგრამ არა უშავს. მესხეთი რჩება მესხეთად და პრიორიტეტად" - აღნიშნა მინისტრმა.

მესხეთს თეატრის პრობლემებზე "მეცხრე არხმა" რეპორტაჟი აგვისტოს თვეში მოამზადა, სადაც თანამშრომლების ნაწილი მინისტრის დაპირების შესრულებას ითხოვდნენ. თეატრის შენობის რეაბილიტაციისა და მსახიობების ფინანსური კუთხით მოტივაციის ამაღლების ინიციატივა, თეა წულუკიანმა 2021 წლის ოქტომბერში გააჟღერა.
| Print |