კულტურა
ივლიტის ტაძრის გადახურვაზე ტენდერი დღე-დღეზე ჩაეშვება - თეა წულუკიანი
ივლიტის ტაძრის გადახურვაზე ტენდერი დღე-დღეზე ჩაეშვება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამცხის დეპუტატის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას ისაუბრა.

ანტონ ობოლაშვილმა მინისტრს ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის უსახურავო ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ ჰკითხა და პრობლემის მოგვარების ვადებით დაინტერესდა.

"თქვენ თქვენს სიტყვაში ისაუბრეთ იმის შესახებ, რომ პროექტი დასრულებულია, მხოლოდ მაინტერესებს როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რადგან ტაძარი არის სავალალო მდგომარეობაში და ფაქტობრივად მას სახურავი არ აქვს",
- აღნიშნა სამცხის დეპუტატმა.

თეა წულუკიანის თქმით, ტენდერი 57 000 ლარზე ცხადდება, თუმცა პროექტი ტაძრის სრულ რეაბილიტაციას არ ითვალისწინებს. მინისტრის განმარტებით, უწყება ამ ეტაპზე მხოლოდ ტაძრის გადახურვას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, პროექტანტმა ვერ შეასრულა სამუშაო, რომელიც ეკლესიის სრული რეაბილიტაციის პროექტის შედგენას მოიცავდა. მისივე თქმით, დღეისათვის არ არსებობს კერძო კომპანია, რომელსაც ძეგლთა დაცვის სფეროში სრული კომპეტენცია გააჩნია.

"ერთმა თუ იცის ხე, იმავდროულად არ იცის ქვა. მეორემ იცის ქვა, მაგრამ იმავდროულად არ იცის სახურავი და ა.შ. და ეს საფუძველს იღებს იმ ვითომ რეფორმაში, რომელშიც პროფესიები გააქრეს.

პროექტანტმა ვერ მოიტანა პროექტი რეაბილიტაციის. სრული რეაბილიტაცია გვინდოდა, სახსრებიც გვქონდა ამისთვის გამოყოფილი. ამიტომ ხელშეკრულება შეწყდა. ახლა მიმდინარეობს და ჩაეშვება დღე-დღეზე ტენდერი მხოლოდ გადახურვაზე, რომ ზამთარში ეს ძეგლი იყოს დაცული. ბიუჯეტი არის მხოლოდ გადახურვის 57 000 ლარი და სრულ რეაბილიტაციას დავუბრუნდებით მომავალში",
- განაცხადა მინისტრმა.

ივლიტაში ეკლესიის სახურავი, დიდთოვლობის გამო, 2021 წლის 16 თებერვალს ჩაინგრა.
| Print |