კულტურა
ანტონ ობოლაშვილმა თეა წულუკიანს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ჰკითხა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მინისტრის მიმართ კითხვები ჰქონდა ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატსაც.

ანტონ ობოლაშვილი პირველ რიგში მესხეთის თეატრის რეაბილიტაციის საკითხს შეეხო, რაზეც თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ პრობლემის მოგვარება მომავალი წლის ბიუჯეტით იგეგმება.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა ივლიტის ღვთისშობლის შობის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციითაც. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ტენდერი მხოლოდ ძეგლის გადახურვისთვის გამოცხადდება.

ანტონ ობოლაშვილმა მინისტრს ასევე ჰკითხა ადიგენში ზარზმის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო პროცესის შესახებ. წულუკიანის თქმით, სამუშაოებში ჩართული ჯგუფები კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ და გამოსავალს ვერ პოულობდნენ, თუმცა ამ დროისთვის პროცესი ისევ მიმდინარეობს.

"ყველა ის ბარიერი, რაც შეიძლებოდა უწყებებს შორის ურთიერთობაში, ადგილზე სასულიერო პირებთან ურთიერთობაში ყოფილიყო, მოვხსენით. ამ მომენტში გუმბათზე მოხსნილია ძველი მორფინი და მიმდინარეობს ამ ლორფინის გადაწყობა, ისე, რომ წყალი აღარ ჩავიდეს და იმ ლორფინის შეცვლა ახლით, რომელიც გადაწყობის პროცესში აღმოჩნდება, რომ უკვე დამტვრეულია, ან სუსტია", - განმარტა მინისტრმა.

დეპუტატი დაინტერესდა ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის სპორტული სტადიონების რეაბილიტაციის საკითხითაც. ასევე ითხოვა საკალათბურთო დარბაზი.

"რეგიონში არ გვაქვს საკალათბურთო დარბაზი, რის ბაზაზეც შესაძლებელი იქნებოდა გაგვეხსნა რეგიონის საკალათბურთო გუნდი. ეს გამოიწვევდა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების მეტ ჩართულობას სპორტში", - აღნიშნა ობოლაშვილმა.

მინისტრმა სპორტული სტადიონების რეაბილიტაციის საკითხი ზოგად პასუხში მოაქცია და აღნიშნა, რომ სამინისტროს საკმარისი ხარჯები ამ მიმართულებით არ აქვს.

"სპორტის მიმართულებით, ჩვენი ინფრასტრუქტურული ბიუჯეტი არის მხოლოდ 19 მილიონი ლარი... ამ 19 მილიონი ლარით მე ალბათ შევძლებ, რომ ძალიან ცოტა საქმე გავაკეთო", - აღნიშნა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა დეპუტატების კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 22 სექტემბერს "მინისტრის საათში" უპასუხა.
| Print |