კულტურა
მესხეთის თეატრს მიკროავტობუსი გადაეცა
თბილისსა და რეგიონებში არსებულ თეატრებს კულტურის სამინისტრომ ახალი მიკროავტობუსები გადასცა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო. შედეგად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ 10 თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადაეცა. თითოეული ავტობუსი თეატრთა ცალკეული სიმბოლოებით გაფორმდა.

საქართველოში მოქმედი თეატრების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა წლებია არ განახლებულა. ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეძენილ ავტომანქანებს (ე.წ. ყუბანი) ფლობენ. ამ ეტაპზე, თბილისის ორი და რეგიონულ რვა თეატრს უახლესი მიკროავტობუსები გადაეცა.
კულტურის სამინისტრომ ათი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია შპს „სენამოტორსმა” და მასთან 2022 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა. მიკროავტობუსების შესყიდვის თანხა 1 061 480 ლარს შეადგენს.

პირველ ეტაპზე ახალი მიკროავტობუსები გადაეცა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ შემდეგ თეატრებს:

1.​ სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
2.​ სსიპ ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
3.​ სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
4.​ სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
5.​ სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
6.​ სსიპ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
7.​ სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
8.​ სსიპ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
9.​ სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
10.​ სსიპ მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
სამინისტროს პროექტის მიხედვით, 2023 წლისთვის კიდევ 10 თეატრი აღიჭურვება უახლესი ავტომანქანით, რისთვისაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მილიონ ლარს გამოჰყოფს.

,,ამით სრულდება ქართულ თეატრებში საბჭოთა ხანა, რასაც ამ დაწესებულებებისთვის გამოყოფილი ავტომანქანის მარკის მიხედვით შეიძლება, პირობითად, „ყუბანის” ხანის დასასრულიც ვუწოდოთ" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
| Print |