კულტურა
ქართულად ნათამაშებმა სპექტაკლმა უზბეკი მაყურებელი ცხარე ცრემლით ატირა - კახა გოგიძე
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა, უზბეკეთში ნათამაშები სპექტაკლის შედეგად ექვსი სიგელი მოიპოვა. მესხეთის თეატრი მემორანდუმის ფარგლებში 15 ნოემბერს გაემგზავრა. სპექტაკლი ,,გაქცევა" მესხმა მსახიობებმა უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტში, სამარყანდსა და ყატაყურღანში ითამაშეს. სპექტაკლის რეჟისორის, კახა გოგიძის თქმით, მესხეთის თეატრისთვის ეს სერიოზული წარმატებაა.
,,სპექტაკლი ქართულ ენაზე ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთში ენა არ ესმოდათ, ჩვენმა მსახიობებმა ისე საოცრად ითამაშეს, რომ მაყურებელი ტიროდა, მათ მაინც ყველაფერი გაიგეს. ისედაც ბევრი მიწვევა მქონდა, მაგრამ ამის მერე კიდევ უფრო გაიზარდა მიწვევათა რაოდენობა. აპრილში, საერთაშორისო ფესტივალი ტარდება ტაშკენტში, სადაც ჟიურიში უნდა ვიყო, ეს ამბავიც დღეს გავიგე. მოგვიანებით ისევ ტაშკენტში სპექტაკლის დადგმაც მიწევს. ქართულად ნათამაშებმა სპექტაკლმა უზბეკი მაყურებელი ცხარე ცრემლებით ატირა და კარგ ხასიათზე დააყენა, მიუხედავად იმისა, რომ ცრემლებით დამთავრდა სპექტაკლი. ძალიან დიდხანს არ გვიშვებდნენ სცენიდან" - ამბობს კახა გოგიძე. 
მესხეთის თეატრის დასი საქართველოში 22 ნოემბერს დაბრუნდება. კახა გოგიძე კი უზბეკეთში საქმის დასრულებამდე დარჩება.
| Print |