კულტურა
ანსამბლი "ახალციხე" საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე დააჯილდოვეს
სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი "ახალციხე" საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე დააჯილდოვეს. რუსთაველის თეატრში 2022 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
ხალხური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების და ტრადიციული გალობის გამარჯვებულებს მედლები და სიგელები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ გადასცეს.

გამარჯვებულებს შორის იყო სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი "ახალციხე", რომელმაც ორი შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა და ფესტივალზე რეგიონის წარმომადგენელი გახდა. ისინი ფესტივალის დასკვნით კონცერტზე ფოლკლორულ ანსამბლ "მესხეთთან" ერთად, საერთო ნამუშევრით, "მესხური ფერხულით" წარდგნენ.
ანსამბლის ქორეოგრაფის, ქრისტინე მენაბდიშვილის თქმით, მათთვის ეს დღე ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი იყო.

ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ეძღვნება.
| Print |