კულტურა
ბუბა კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ
საქართველოს სახალხო არტისტს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მოხდება.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მისი დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო, რომელიც ფილარმონიაში გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას წაიკითხავს.

ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა. ის იყო კინომსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი და სიმღერების ავტორი. კიკაბიძეს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება, ასევე, არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდო.

დაჯილდოებულია ღირსების, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის და წმინდა გიორგის ორდენებით. იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.

2008 წლის ომის შემდეგ მან უარი თქვა რუსეთში საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე. იყო უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. მისი ბოლო საქველმოქმედო კონცერტიც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომს მიეძღვანა.
| Print |