კულტურა
გასტროლები, ფესტივალები საზღვარგარეთ, რითაც ჩვენ ვხარობთ, აღარ იქნება - მანუჩარ გოგოლაური
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ „რუსული კანონი“ ყველა იმ საზოგადოებრივ და მედიაორგანიზაციას ეხება, ვისი შემოსავლის 20%-ზე მეტი დონორებისგან მიღებულ თანხას შეადგენს. 

მიღებულ კანონს აპროტესტებენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მანუჩარ გოგოლაური ამბობს, რომ კანონის ამოქმედება კულტურის სფეროზე ჯერ არ ასახულა, თუმცა მის უარყოფით  შედეგს მალე ყველა იგრძნობს.

„ჩვენ დიდი ხანია გაცხადებული პოზიცია გვაქვს, რომ ევროპაში გვინდა. ახლა ამ გზას გადავუხვიეთ და რა თქმა უნდა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასეთი მძაფრი რეაგირება ნორმალურია. უფრო მეტიც, მალე სავიზო რეჟიმიც გაუქმდება და თეატრსაც პირდაპირ შეეხება. გასტროლები, ფესტივალები საზღვარგარეთ, რითაც ჩვენ ვხარობთ, აღარ იქნება და ჩვენს კულტურულ ცხოვრებაზე ეს ყველაფერი ცუდად აისახება“ - გვეუბნება მანუჩარ გოგოლაური.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.

კანონი პირველი აგვისტოდან უკვე ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.


როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ამოქმედდა სხვადასხვა სანქციები და ფინანსური შეზღუდვები, როგორც ევროპის ისე ამერიკის მხრიდან. საქართველოში კი პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ასევე ჟურნალისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, კანონის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც სასამართლო დაახლოებით ერთი თვის ვადაში განიხილავს.
| Print |