ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, კედლის მხატვრობის გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა, მხატვრობის ღრმა წმენდა, გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოებისას შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით დაიწყო. მეორე ეტაპი ხანგრძლივი პროცესია და უცნობია, როდის დასრულდება იგი.
კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესწავლის ფარგლებში, ტაძარში მუდმივად მიმდინარეობს გარემო პირობების – ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის აღრიცხვა, მხატვრობაზე მტვრის ეფექტისა და დიდი ზომის ბზარების მონიტორინგი.
მდგომარეობის შესწავლის შემდგომ, პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები მომზადდება. ეს შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებას და ტაძრის ინტერიერში განათების მოწყობას.
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად, ჭვარტლის ფენით დაიფარა XII საუკუნის კედლის მხატვრობა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ტაძარში კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები ჩატარებულიყო. მასში ჩართული იყო ლონდონის კურტოს ინსტიტუტის წარმომადგენელიც.
ფოტომასალას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.