ახალციხეში მიხეილ იაძის და სერგო ქობულაძის მემორიალური დაფები გაიხსნა
12:52 / 30.06.2017
ახალციხელობის საზეიმო ღონისძიებები, ორი ხელოვანის სახელობის ბარელიეფის გახსნით დაიწყო.
სპორტსმენისა და თვითნასწავლი მხატვრის, მიხეილ იაძის საცხოვრებელ სახლზე, მემორიალური დაფა მისი ოჯახის წევრებმა გახსნეს. ცერემონიას თვითმმართველობის წარმომადგენლები და ქალაქის საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
მიხეილ იაძე მძლეოსნობის რამდენიმე სახეობაში ასპარეზობდა. თვითნასწავლ მხატვარს გამოფენები ლევილსა და პარიზში მოუწყეს. მის სახელს ახალციხის ცენტრალური სტადიონი და ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა ატარებს.
სტუმრებმა კოსტავას ქუჩიდან დიდიმამიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც კიდევ ერთი საპატიო ახალციხელის - სერგო ქობულაძის ბარელიეფი გაიხსნა. ცნობილი მხატვარი ახალციხეში დაიბადა და ქალაქში ხუთ წლამდე ცხოვრობდა. მის სახელს არაერთი ცნობილი ტილო და გამოფენა უკავშირდება.