"მესხი ფრთოსანი"–ს მოცეკვავეებს ბულვარში ცეკვისას პრობლემა შეექმნათ
10:32 / 09.07.2017
ახალციხის ქორეოგრაფიულ ანსამბლის "მეხი ფრთოსანი" მოცეკვავეებს ბათუმის ბულვარში ცეკვისას პრობლემა შეექმნათ.
ფაქტის ამსახველ ვიდეო–მასალას ინტერნეტმომხმარებელი ნინული ქავთარაძე ავრცელებს. ვიდეოში ჩანს რომ ანსამბლის წევრებს ცეკვა და დაკვრა დაწყებისთანავე შეაწყვეტინეს.
"ნახეთ რა ხდება ბათუმის ბულვარში, სადაც დაცვის პოლიციელები ქართულ ცეკვას უკრძალავენ ბავშვებს. მიზეზს არ ხსნიან, იმიტომ რომ ასე უნდათ. დაფიქსირდა, ხელი შეუშალეს საელჩოს ქართული დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა, ისე რომ მათ პატრულიც არ გამოიძახეს!" - წერს ნინული ქავთარაძე სოციალურ ქსელში.
ანსამბლის ქორეოგრაფის ბესარიონ კოვზიაშვილიც ადასტურებს, რომ დაცვის პოლიციას მიზეზი, რატომ არ უნდა დაეკრათ და ეცეკვათ ბულვარში – არ აუხსნია.
"ასნსამბლის წევრები ბულვარში გავასეირნე, სადაც მუსიკოსებს წავაწყდი. ბავშვებს ვუთხარი, ვიცეკვოთ–მეთქი. ავიღე დოლი და დაკვრა დავიწყე. მაშინვე მოვიდა დაცვის პოლიცია და გვითხრა შეგვეწყვიტა დაკვრა და ცეკვა, აქ ასეთი კანონიაო. რატომ არ შეიძლებოდა, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ" – განუცხადა "მეცხრე არხს" ბესარიონ კოვზიაშვილმა.
"ჩვენ ამას ვუწოდებს პროვოკაციულ გამოსვლას" – აცხადებენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის განმარტებით, დაცვის პოლიცია არის ბათუმის ბულვარის კონტრაქტორი ორგანიზაცია და ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მათ ბულვარში დადგენილი წესების დაცვა ევალებათ.
"ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ხელშეკრულებით გვევალება. ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ ანსამბლის წევრები იმყოფებოდნენ ბურლვარის ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიაზე, სადაც მსგავსი აქტივობები დაშვებული არ არის. იმის გამო, რომ დამთვალიერებლებს გადაადგილებაში ხელი არ შეშლოდათ, დაცვის პოლიციამ სთხოვა მათ, კანონს დამორჩილებოდნენ და გადაენაცვლებინათ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე" – განმარტავს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ელზა ჩაფოშვილი. მისივე განმარტებით, დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა, ანსამბლის წევრებს მიზეზი განუმარტეს, თუ რატომ არ უნდა ეცეკვათ აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა ეს ვიდეოში არ მოხვდა.
ანსამბლი "მესხი ფრთოსანი" ბათუმში საერთაშორისო ფესტივალზე "კავკასია" იმყოფება, რომელიც 2 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.