კულტურა
ახალციხის ციხესთან მუზეუმის შენობა აშენდება
ახალციხის ეროვნული მუზეუმისთვის, საცავებისა და ადმინისტრაციის შენობა აშენდება.
პროექტის მიხედვით, მესხური დარბაზის სტილის ორსართულიანი შენობა ახალციხის ციხის გალავანთან, 1 640 კვ.მ. ფართობზე განთავსდება.

პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე ლაბორატორია, ფოტო, ქვის და ხალიჩების ფონდი, საცავი, საკონფერენციო, კაფე და დროებითი საგამოფენო სივრცე მოეწყობა.

მეორე სართულზე ადმინისტრაციის ოთახები, ბიბლიოთეკა, სათათბირო და სასტუმრო ოთახი იქნება განთავსებული.

მშენებლობა სავარაუდოდ, 2018 წლიდან დაიწყება.

"მე–9 არხის" კითხვაზე – ვინ დააფინანსებს მშენებლობას, ახალციხის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა მისი მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. საჭირო თანხები შესაძლოა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყოს.

შენობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხს, საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

მცირე ფართის გამო, სამუზეუმო ექსპონატების ნაწილი, ამ დრომდე უნივერსიტეტის სარდაფში ინახება.
| Print |