მედია
პროექტ ,,მედია წიგნიერებას“ ამერიკის კუთხე ,,მეცხრე არხთან“ პარტნიორობით ახორციელებს
ახალციხის ამერიკის კუთხემ ,,მეცხრე არხთან“ პარტნიორობით ერთობლივი პროექტი მედია წიგნიერების შესახებ დაიწყო.

პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში ჟურნალისტური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით 7 მულტიმედიური მასალისა და სოციალური ვიდეო-რგოლების მომზადება. მოსწავლეები თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს ახალციხის ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის“ დახმარებით გაეცნობიან.

მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მათოშვილი ჟურნალისტიკის პროფესიის არჩევას არ აპირებს, თუმცა ფიქრობს რომ ახალი ცოდნისა და უნარების შეძენას ამ პროექტის დახმარებით შეძლებს.

,,ქალაქის სხვადასხვა აქტუალური თემები უნდა განვიხილოთ და გავაშუქოთ. ასევე ვგეგმავთ, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით მულტიმედიური მასალა მოვამზადოთ. გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციას გავიგებთ, რაც ჩვენთვის საინტერესოა“ - ჰყვება პროექტის მონაწილე მარიამ მათოშვილი.

ტექნიკასთან მუშაობის ინტერესი პატარაობიდანვე ჰქონდა, რის გამოც პროექტში ჩაერთო პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკე მანველიშვილი. ფიქრობს, რომ ახალ მეგობრებთან ერთად სატელევიზიო ცოდნასაც შეიძენს.



,,პროექტი ითვალისწინებს მოსწავლე ახალგაზრდებში ჟურნალისტური უნარების განვითარებას, ნამდვილი ამბის გარჩევას ყალბისგან, თუ როგორ უნდა მოიძიონ და გაავრცელონ ობიექტური ინფორმაცია“
- ამბობს მეცხრე არხის გენერალური დირექტორი მაია იველაშვილი.

პროექტის მონაწილეებს ცოდნას გაუზიარებენ ამერიკელი მოხალისეები და ის ქართველი ახალგაზრდები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ამერიკულ გაცვლით პროგრამებსა და ბანაკებში. პროექტ ,,მედია წიგნიერებაში“ ამჟამად ჩართულები არიან ახალციხისა და ადიგენის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ამერიკის კუთხის სამოქალაქო კლუბის წევრები და ლიდერთა ჯგუფი. თითეული ჯგუფი ექვსი მონაწილისგან შედგება, ამჟამად სულ 36 ახალგაზრდაა ჩართული.

,,პროექტის ფარგლებში გამოიკვეთება ლიდერთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც მომავალი წლიდან თავად გადასცემს თანატოლებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. მოსწავლეებს ექნებათ საშუალება დაწერონ და განახორციელონ პროექტები“ - ამბობს ამერიკის კუთხის ხელმძღვანელი ზაირა კელაპტრიშვილი.

პროექტის განმავლობაში, შეხვედრები ,,მეცხრე არხსა“ და ამერიკულ კუთხეში ჩატარდება. მედია წიგნიერების მონაწილეები მასალების მომზადებას ორშაბათიდან დაიწყებენ. დაინტერესებულ მოსწავლეებს კი შეუძლიათ პროექტის მონაწილეები გახდნენ. პროექტი ,,მედია წიგნიერება“ ივლისის თვეში დასრულდება.

| Print |