მედია
ქუთაისში ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მძღოლი სცემეს

 

შემთხვევა 20 ივნისს, ავატოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხდა, რა დროსაც ტელევიზიის მანქანას უცნობი პირები დაეჯახნენ.

„მეგა ტვ''-ს ავტომობილს პირველად კინო „საქართველოსთან“ უკნიდან დაარტყეს. ჟურნალისტების თქმით, იქვე მდგომმა პატრულის ეკიპაჟმა მხოლოდ მოძრაობა დაარეგულირა.

„გამოგვყვა მანქანა. მძღოლის გვერდზე მჯდომი მამაკაცი ნასვამი იყო. გაგვაჩერეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ჩვენ გზა გავაგრძელეთ, წამოგვეწივნენ და უკნიდან განზრახ დაგვეჯახნენ და ერთი მეტრი გვათრიეს. გადმოვიდა ორი კაცი, ჩვენი მძღოლისკენ წამოვიდა და ცემა დაუწყეს. 112-ზე დავრეკეთ, 20 წუთი პატრულს ველოდებოდით“, - გვითხრა „მეგა ტვ“-ს ჟურნალისტმა თამუნა ქავთარაძემ, რომელიც შემთხვევას ტელეფონით იღებდა. 

შსს-ში ამბობენ, რომ მძღოლებს შორის დაპირისპირება ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
| Print |
თეგები: მეგა ტვ /