მედია
რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ქიბარ ხალვაშისგან უარი მიიღეს
„რუსთავი2“-ში „კურიერისა“ და „პოსკრიპტუმის“ გუნდის წევრებსა და ტელეკომპანიის ახალ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას შორის შეხვედრა დასრულდა. ტელეკომპანიის ჟურნალისტების ინფორმაციით, სალიამ გაიარა კონსულტაციები ქიბარ ხალვაშთან და ის უარს ამბობს, რომ საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნას, რომელიც ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მათივე ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ასევე უარს ამბობს, გაფორმდეს დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც, არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

„წერილობითი გარანტია იმისა, რასაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, არ არსებობს და არ არსებობს, მით უმეტეს, იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ ის სიტყვები, რაც იქ წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული და ათასი ინტერპრეტაცია მიეცეს ამას. ეს ის ფორმა არ არის, რაც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, თუ რაიმე სიმპტომი იქნება იმის, რომ ვიღაც ჩარევას ცდილობს, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ“,-განაცხადა პაატა სალიამ.
| Print |