მედია
3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს

 

3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. თარიღი აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა, რომლებმაც ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ აფრიკის კონტინენტზე თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონულ სემინარზე შეიკრიბნენ, რომელიც დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას შეეხებოდა. მათ ე. წ. "ვინდჰუკის დეკლარაცია" მიიღეს, რომლითაც ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა მოუწოდეს. ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება მიიღო, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე სწორედ 3 მაისს აღენიშნა.

მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2019 წლის მდგომარეობას ასახავს, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს ქულა 0.39 ქულით გაუმჯობესდა (2019 წელს საქართველოს 28.98 ქულა ჰქონდა). ამ მაჩვენებლით, საქართველო, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 28.59 ქულით, შარშანდელის მსგავსად, კვლავ მე-60 ადგილს იკავებს.
| Print |